კლინიკის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის კლინიკა სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის პროფესიაში  პრაქტიკული ცოდნის/გამოცდილების მისაცემად საქმიანობს აკადემიური-იმიტირებული და პრაქტიკული მიმართულებით.

აკადემიური-იმიტირებული მიმართულებით საქმიანობა გულისხმობს რეალური სასამართლო შემთხვევების (დავების), ან ბიზნეს (საკორპორაციო, სახელშეკრულებო) პრაქტიკის/საჭიროების საფუძველზე შექმნილი სიტუაციების (ქეისების) მიმოხილვას, აღნიშნულ შემთხვევათა ანალიზს, შემთხვევებიდან გამომდინარე როლურ ვარჯიშს (მაგ. მეცადინეობას ხელშეკრულების, წესდების, სარჩელის, შესაგებლისა და სხვა დოკუმენტაციის შედგენაში); აღნიშნული საქმიანობა მოიცავს  ტრენინგების, კონფერენციების, სკოლების (მაგ. ზაფხულის სკოლის) ან შეჯიბრებათა ორგანიზებასა და ჩატარებას.

შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის კლინიკა, მორგებული სტუდენტების გრაფიკზე, გარკვეული პერიოდულობით ორგანიზებას უწევს და მართავს ტრენინგებს, შეჯიბრებებს, სკოლებსა და კონფერენციებს, დეკანსა და ხარისხის სამსახურთან შეთანხმებით უნივერსიტეტთა შორის კონფერენციებს.

პრაქტიკული მიმართულებით საქმიანობა მოიცავს მაგისტრანტების სალექციო საათებში მოქალაქეთა კონსულტირებას,  მოქალაქეთა საჭიროებიდან გამომდინარე მათთვის დოკუმენტაციის შედგენას, მათი დოკუმენტაციის რევიზიას, შემთხვევის ანალიზს, due diligence-ს, სასამართლო დოკუმენტაციის მომზადებას, სასამართლო სტრატეგიის დასახვას და მაგისტრანტებისათვის პრაქტიკული-პროცესუალური უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობის შემთხვევაში სასამართლოში წარმომადგენლობას.

შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის კლინიკა მაგისტრანტების სალექციო საათების დროს მსურველთ უწევს კონსულტაციას, ეხმარება დოკუმენტაციის შედგენაში ან რევიზიაში, ასევე შემთხვევების გაანალიზებაში. საჭიროების და შესაძლებლობის შემთხვევაში წარმომადგენლობას.

სამართლის კლინიკა უფასო იურიდიული დახმარების ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოქმედი წევრია.

2013 წლიდან დღემდე სამართლის კლინიკამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა არაერთი სამეცნიერო კონფერენცია, სტუდენტებისთვის მოაწყო ტრენინგები და გასვლითი სკოლები.

პრაქტიკული  კომპონენტი – იურიდიული კლინიკა – სილაბუსი 

დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 577 66 16 82
ელ ფოსტა:legalclinic@iliauni.edu.ge
ან გვეწვიეთ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.#32
ოთახი: 103