საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს ურთიერთობა საბანკო დაწესებულებებთან, ძირითადად, კი ეს ურთიერთობები დაკავშირებულია კრედიტთან. ქვეყანაში არსებული არამდგრადი ეკონომიკური მდგომარეობა აისახება მოქალაქეთა ფინანსურ შესაძლებლობებზე, რაც შემდგომში ართულებს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილობრივ ან მთლიანად შესრულებას.
ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს მაღალი საპროცენტო განაკვეთი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (world economic forum) რეიტინგის მიხედვით, საქართველო სესხების აღების სიმარტივით 104-ე ადგილზეა 142 ქვეყანას შორის.
სესხების პროექტების მართვა რამდენიმე ელემენტისგან შედგება, ესენია: პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა, წინასწარი ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, სესხების მიმდინარე კონტროლი და პრობლემურ ანუ ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა. დღესდღეობით, ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა მწვავედ დგას საქართველოში. საინტერესოა, რომელი ძირეული მიზეზებისგან არის გამოწვეული ის, როგორ ხდება პრობლემური სესხების მართვა და რა მექანიზმები აქვს ბანკს შემუშავებული ვადაგადაცილებული სესხების სრული ,,ამოღებისთვის“. თქვენს ყურადღებას სწორედ ამ საკითხის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ ასპექტებზე გავამახვილებთ.
საკითხი უკვე აღარ დგას, როგორც კომერციული ბანკებისა და მათი კლიენტების პრობლემა. ვადაგადაცილებული სესხების თემა ძალზედ მასშტაბურია, ის არის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ხასიათის პრობლემა. საინტერესოა, როგორია ბანკის შემდგომი რეაგირება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსაძიებლად ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე ბანკის სესხების საკრედიტო ექსპერტებს, რომლებმაც განგვიმარტეს, თუ რა გზებს მიმართავს ბანკი, იმისთვის, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
როგორც წესი, პრობლემური სესხების მართვის ჯგუფზე საქმის გადაცემა ხდება მაშინ, როდესაც სესხის დაუბრუნებლობის რისკის დონე მიაღწევს ბანკის შიდა კლასიფიკაციით განსაზღვრულ კრიტიკულ ზღვარს. მსესხებლის მიერ ვადის გადაცილების დღიდანვე ხდება მასთან დაკავშირება და თანხის გადახდაზე დაგვიანების მიზეზების დადგენა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან საცხოვრებელ მისამართზე ან ბიზნესის ადგილსამყოფელზე ვიზიტი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ღონისძიებები არანაირ შედეგს არ გამოიღებს, ასეთ შემთხვევაში, საკრედიტო ექსპერტი კვლავ მიდის კლიენტთან და დავალიანების ,,ამოღებაზე“ მუშაობს თავმდებისა თუ სხვა პირის დახმარებით, მიმდინარე ნავაჭრის ამოღებით, სასაქონლო მარაგების ან პროდუქციის რეალიზაციით, შემდგომ ხდება კლიენტის დაბარება, ბიზნესის რიგგარეშე ფინანსური მონიტორინგის ჩატარება და საკრედიტო ფაილის შემოწმება. თანხის კვლავ გადაუხდელობის შემთხვევაში ხდება ოფიციალური გაფრთხილების გაგზავნა ან პირადად გადაცემა, როგორც კლიენტებთან, ასევე თავმდებ პირებთან. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამაფრთხილებელი წერილი მეორედაც გაეგზავნოთ მათ. ყოველივე ამას, შესაძლებლობის ფარგლებში და კლიენტთან შეთანხმებით, ვადაგადაცილებული დავალიანების დასაფარად დარჩენილი ბიზნეს აქტივების (პირველ რიგში) ან/და პირადი ქონების რეალიზაციაც შეიძლება მოჰყვეს.
პრობლემური სესხის საქმის შესწავლის შემდგომ, დაკრედიტების ექსპერტი ვალდებულია წერილობითი ფორმით ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრებები, რეკომენდაციები და დასკვნა, და წარმოადგინოს ისინი საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტში, პრობლემური სესხების კომიტეტისთვის წარსადგენად. დასკვნის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება ბანკის მიზნები სესხთან მიმართებაში, რაც გულისხმობს სესხის რეაბილიტაციის ვადების და სესხის დასაბრუნებელი მოცულობის მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დადგენას. კომიტეტი განიხილავს სესხის ხელშეკრულების გაწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხს ან სასამართლოში საქმისწარმოების დაწყების შესაძლებლობებს.
,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ საქართველოში არსებულ ვადაგადაცილებულ სეხების პრობლემასთან დაკავშირებით ძალზედ საინტერესო კვლევა ჩაატარა, კვლევის ძირითადი მიზანი გახლდათ ზემოაღნიშნულ პრობლემის არსის საფუძვლიანი ანალიზი, რა კუთხით დგას პრობლემა, ანუ ვისთვის არის ის ყველაზე მწვავე, რამ გამოიწვია პრობლემის წარმოშობა, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნულ პრობლემის გადაწყვეტაზე და ვინ რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს პრობლემის გადაწყვეტის გზაზე. ,,აფბა“ იძლევა ძალიან საინტერესო რეკომენდაციებს და მიუთითებს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უნდა იქნას გადადგმული ჩვენ მიერ ზემოთმითითებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.
სოციალური, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარეებთან ერთად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს სამართლებრივი მხარე, ანუ ის, თუ როგორ არეგულირებს კანონი ვადაგადაცილებული სესხების შემთხვევაში ურთიერთობებს ბანკსა და კლიენტს შორის. სახელშეკრულებო სამართლის არასათანადოდ ცოდნა და გამოყენება დიდ პრობლემებს უქმნის მომხმარებლებს, თუმცა მათ მაინც რჩებათ გარკვეული სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც შეძლებენ საკუთარი მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების თავიდან ასაცილებლად შეიძლება გაკეთდეს მიმდინარე სესხის რესტრუქტურიზაცია, რაც ნიშნავს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის პირობების შეცვლას. იგი რეგულირდება ეროვნული ბანკის 2000 წლის 29 დეკემბრის #350 ბრძანებით, მუხლი #8.
სესხის რესტრუქტურიზაცია შეიძლება დამტკიცდეს საკრედიტო კომიტეტის მიერ გამონაკლის შემთხვევებში, მაშინ, როდესაც მსესხებელს არ გააჩნია მიმდინარე სესხების დაფარვის სხვა საშუალება. ეს შემთხვევები შეიძლება ასევე მოიცავდეს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის სწრაფ გაუარესებას. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ფორსმაჟორებული გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების ვადის გადატანის ან გაგრძელების საშუალებას იძლევიან, ასევე, შესაძლებელია მხარეები ნაწილობრივ ან მთლიანად განთავისუფლდნენ პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისაგან. იმისათვის, რომ მოვალეს მომავალში რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჰქონდეს სამართლებრივი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად, საჭიროა, მომხმარებელმა სესხის აღებამდე და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერამდე გაანალიზოს ამ გარიგების ყველა ის პუნქტი, რაც მისთვის სასარგებლო და საზიანოა, მისი უფლება-მოვალეობები, ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობის მიზანშეწონილობა, რათა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში განსაზღვროს მომავალში წარმოშობილი შესაძლო დამატებითი ხარჯები. მაგალითად, 2012 წლის 24 სექტემბერს ერთ-ერთ ბანკსა და ფიზიკურ პირს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაში არის ისეთი პუნქტები ჩადებული, რომლებიც ბანკს უფლებას უტოვებს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროცენტის ოდენობის ცვალილებაზე მსესხებლის უარის შემთხვევაში, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ბანკის მიმართ ვადაგადაცილებული პირგასამტეხლოს, პროცენტისა და კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა. ასევე, სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღისთვის არსებული ეროვნული ვალუტის საბაზრო გაცვლითი კურსის დოლართან მიმართებაში 3%-ის ოდენობით ცვლილების შემთხვევაში, ბანკი უფლებას იტოვებს გაცემული კრედიტი მსესხებლის თანხმობის გარეშე გადაიტანოს სხვა ვალუტაში. ასევე, 2012 წლის 16 დეკემბერს ფიზიკურ პირსა და ბანკს შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ბანკს ანიჭებს უფლებას, მსესხებლის მიერ აღებულ კრედიტთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულების მიმდინარეობის შესახებ, დამატებითი შეთანხმების გარეშე, მასთან (მსესხებელთან) დაკავშირებული ნებისმიერი (პოზიტიური ან/და ნეგატიური) ინფორმაცია გასცეს და ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი მესამე პირისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2011 წელს ჩატარებულ კვლევაში საბანკო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის პრობლემები გამოიკვეთა. კერძოდ, მომხმარებლის უკმაყოფილებას ხელშეკრულებებში მნიშვნელოვანი პირობების ცალმხრივი ცვლილება იწვევს. მაგალითად, ხელშეკულების მიხედვით, ბანკს ცამხრივად შეუძლია საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, თუ საკრედიტო პროდუქტების ღირებულება შეიცვალა ისე, რომ ბანკისთვის ზარალიანი აღმოჩნდება ან ბანკის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის. ბანკს ასევე უფლება აქვს მსესხებელს ნებისმიერ დროს, ბანკის მიერ დადგენილ ვადაში, ქონების გადაცემა მოსთხოვოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომავალში პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობამდე მხარეებმა ისარგებლონ კვალიფიციური იურისტის კონსულტაციით.
წინამდებარე სტატია მომზადებულია ქეთი ბერიშვილისა და ნიკა გრიგალაშვილის მიერ