შვილად აყვანა ქართული საოჯახო სამართლის ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია, რომელიც დღემდე ვითარდება და იხვეწება. შვილად აყვანის სამართლებრივი ურთიერთობის სირთულიდან გამომდინარე, კოდექსში არსებული ჩანაწერები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ურთიერთობის სრულყოფილი მოწესრიგებისთვის, რამაც კანონმდებლების წინაშე დააყენა სპეციალური კანონის შემოღების აუცილებლობა, რომელიც მეტნაკლებად სრულყოფილად მოაწესრიგებდა შვილად აყვანასთან დაკავშირებულ ყველა სამართლებრივ საკითხს.
აღსანიშნავია, რომ შვილად აყვანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა 1997 წლიდან აწესრიგებს, თუმცა სპეციალური კანონი საქართველოს პარლამენტის მიერ მხოლოდ 2007 წელს იქნა მიღებული. თუმცა 2009 წელს იგი პარლამენტმა ძალადაკარგულად გამოაცხადა და ამავე წელს იქნა მიღებული კანონი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის” შესახებ. წინამდებარე სტატიის მიზანია საქართელოში შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის ინსტიტუტების დახასიათება, აღნიშნული სფეროებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების განხილვა, საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზების წარმოჩენა და მათი გადაჭრის გზების ძიება. აღნიშნულ სფეროებში არსებული პრობლემური საკითხების განხილვა აქტუალურია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო შეთანხმებებით გარანტირებულია ბავშვის ოჯახში აღზრდის უპირატესობა, მაგრამ შიდა ნორმატიული აქტები ხშირად იმდენად შემზღუდავია, რომ ვერ ხერხდება საკითხის სწრაფად და მართებულად გადაწყვეტა. სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბავშვი დარჩეს ბავშვთა სახლებში და სხვა აღმზრდელობით დაწესებულებებში, სადაც, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის აღზრდისთვის შეუფერებელი ვითარებაა. თემის აქტუალურობას ასევე განაპირობებს ბავშვთა სახლებსა და სხვა აღმზრდელობით დაწესებულებებში მოთავსებული ბავშვების რაოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უშვებს როგორც სრულწლოვანის, ასევე არასრულწლოვანის შვილად აყვანას. როგორც ასეთი შვილად აყვანა იურიდიული ფაქტია, რომელიც შვილად ამყვანსა და ნაშვილებს შორის წარმოშობს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას, რაც ღვიძლ მშობლებსა და შვილებს შორის არსებობს. კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ შვილება მხოლოდ ისეთ შემთხვევებშია დასაშვები, თუ მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშობა სწორედ ისეთი ურთიერთობა, როგორიც არის მშობლებსა და მათ ღვიძლ შვილებს შორის. სრულწლოვანის შვილად აყვანა კანონმდებლობაში გამონაკლისის სახით არის გათვალისწინებული და კანონივე აწესებს იმ მოთხოვნებს, რა დროსაც დასაშვებია სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა. ესენია: თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობს მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, თუ შვილება არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნოებრივად გამართლებულია. კანონმდებლობის მიხედვით, ასევე დასაშვებია დაქორწინებული პირის შვილად აყვანა, რა დროსაც აუცილებელია დაქორწინებული პირის მეუღლის თანხმობა.
შვილება არ ნიშნავს მშვილებლის მხოლოდ შესაბამის ნების გამოვლენას და ბავშვის მიმართ ფაქტობრივი ზრუნვის განხორციელებას. აუცილებელია, რომ შვილად აყვანა იურიდიულად იქნეს გაფორმებული სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის გზით.
ნებისმიერი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია, რომ ბავშვი ოჯახურ გარემოში იზრდებოდეს, სწორედ ამიტომ, შვილად აყვანის ინსტიტუტის ძირითად მიზანს წარმოადგენს იმ არასრულწლოვანი პირებისთვის აღზრდისა და რჩენის ნომინალური პირობების შექმნა, რომლებიც დაობლდნენ ან რომელთა მშობლებსაც არ გააჩნიათ შვილების აღზრდისა და რჩენის ჩვეულებრივი პირობები. შვილად აყვანის მიზანია ბავშვის მუდმივი ოჯახით უზრუნველყოფა, როდესაც მასზე ზრუნვას ვერ ახორციელებენ მშობლები. საქართველოს კანონი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით აღიარებული პრინციპების საფუძველზე ხელი შეიწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელებას, უზრუნველყოს როგორც შვილად აყვანის, ასევე მინდობით აღზრდის პროცედურებში მონაწილე ყველა პირის უფლების დაცვა, ხელი შეუწყოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების ეფექტიანად განხორციელებას.
სახელმწიფომ, როგორც ბავშვთა უფლებათა კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ დაუშვა გაშვილების ინსტიტუტის არსებობა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მაგრამ ამავდროულად სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ ინსტიტუტის ხშირი გამოყენება, რადგან ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია მასზე ზრუნავდნენ მისი ღვიძლი მშობლები. მშობლებისა და ნათესავების მხრიდან ზრუნვის განუხორციელებლობის, ან არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება შეიძლება აიღოს სხვადასხვა დაწესებულებებმა ან ბავშვი იქნებს გაშვილებული კანონის ყველა მოთხოვნათა დაცვით.
ბავშვისთვის გასაშვილებელის სტატუსის მინიჭება ხდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ, რომელსაც გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, რის საფუძველეც ხდება ბავშვის შესახებ არსებული მონაცემების აღნიცხვა გასაშვილებელ ბავშვთა რეესტრში. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებამდე ზოგიერთი კატეგორიის ბავშვს გასავლელი აქვს კანონით განსაზღვრული ეტაპები, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს მისი გაშვილება. ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნაპოვარ ბავშვს, რომელსაც უნდა მიენიჭოს მიტოვებულის სტატუსი, რათა შემდგომში მოხდეს მისი მონაცემების აღრიცხვა რეესტრში. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში ზუსტად არის გათვალისწინებული ბავშის მიტოვებულად აღიარების შემთხვევები და საფუძვლები და ასევე, ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მშვილებელი.
საერთაშორისო გაშვილება ხდება ,,ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” ჰააგის კონვენციისა და გაეროს კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად. ,,სხვა ქვეყანაში გაშვილება შეიძლება გახდეს ბავშვის მოვლის ალტერნატიული საშუალება თუ ბავშვი აღსაზრდელად ვერ გადაეცემა ან ვერ მიებარება ოჯახს, რომელიც უზრუნველყოფს მის აღზრდას ან შვილად აყვანას. ჰააგის კონვენციის პირველ მუხლში ვკითხულობთ, რომ ბავშვის გაშვილება საერთაშორისო დონეზე უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლით აღიარებული მისი ძირითადი უფლებების დაცვით და მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო გაშვილებაზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰააგის კონვენცია ბავშვის ინტერესების დაცვის საუკეთესო კონვენციადაა აღიარებული აღნიშნულ სფეროში და იგი არის ხელისშემკვრელ სახელმწიფოებს შორის არსებული შეთანხმება საერთაშორისო გაშვილების პროცედურებზე. საქართველოში საერთაშორისო გაშვილების საკითხს აწესრიგებს საქართველოს კანონი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ”. კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ საერთაშორისო გაშვილება მოხდეს მაშინ, როდესაც ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში არის შეუძლებელი ან შეუძლებელია ბავშვი გაშვილდეს საქართველოს მოქალაქეზე ან/და საქართელოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე.
საერთაშორისო გაშვილების განმახორციელებელი ორგანო – სააგენტო ამ მიზნით, უკავშრდება კონვენციის ხელისშემკვრელ მხარეებს და ცვლის მათთან ინფორმაციას გასაშვილებელი ბავშვების შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში შეიძლება ბავშვების გაშვილება. საერთაშორისო გაშვილება ხდება კოვენციის არაწევრ სახელმწიფოებშიც.
საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, ანუ ქართველი ბავშის საერთაშორისო დონეზე გაშვილება დასაშვებია, თუ ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირი აღრიცხულია მშვილებელთა რეესტრში და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: არ აქვს ჩამორთმეული მშობლის უფლება, არ აქვს შეზღუდული მშობლის უფლება-მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისთვის ან არაჯეროვანი განხორციელების გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობს ხელს შვილად აყვანის, არ არის მსჯავრდებული სასამართლოს მიერ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მშვილებელთა რეესტრში აღრიცხვა ხდება უშუალოდ ამ მოქალაქეების ან მათი წარამომადგენლების მიერ გაკეთებული მიმართვის შედეგად. ამასთანავე აუცილებელია, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული.
საერთაშოროსო გაშვილებას კი ექვემდებარება ბავშვი, რომელიც აღრიცხვაზეა რეესტრში, როგორც გასაშვილებელი ბავშის სტატუსის მქონე და რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვის ვადაში შვილად არ აიყვანა საქართველოს მოქალაქემ. გარდა ზემოთჩამოთვლილი პირობებისა, ბავშის საერთაშორისო დონეზე გასაშვილებლად საჭირო არის ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის მოპოვებაც ხდება ექსპერტიზის ჩატარების შედეგად არსებული დასკვნის საფუძველზე.ბავშვის უცხოეთში გაშვილების პროცედურა იწყება მას შემდეგ, რაც სააგენტო ჩაატარებს კვლევას, რომლის საფუძველზეც მომზადებულ დასკვნაში აღნიშნავს მიზეზებს, რის გამოც ვერ მოხდა საქართელოში ბავშვისთვის მშვილებელის მოძებნა.
საერთაშორისო გაშვილების, ისევე, როგრც საქართველოს ტერიტორიაზე გაშვილების შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოში გასაშვილებელი ბავშის ინტერესებს იცავს სააგენტოს უფლებამოსილი პირი. საერთაშორისო გაშვილების პროცედურის დასრულების შემდეგ, სააგენტო შესაბამის ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
რაც შეეხება მინდობით აღზრდას, ეს გულისხმობს სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის დროებით მოვლასა და აღზრდას, რომელის სანაცვლოდაც, მიმღები ოჯახები სახელმწიფოსგან ითებენ ფულად სოციალურ დახმარებას, რომელიც, იდეაში განკუთვნილი არის შვილობილის მოსავლელად და აღსაზღდელად. მინდობით აღზრდა მზრუნველოვამოკლებული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების რეალიზების საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებას, მის სოციალიზაციასა და ადაპტაციას საზოგადოებაში.
შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდას შორის სხვაობა თანმდევ სამართლებრივ შედეგებშია: შვილად აყვანის დროს მშვილებლები ბავშვის მშობლები ხდებიან და მათი ურთიერთობა შვილად აყვანილთან ისეთივე, როგორი ურთიერთობაც არსებობს ღვიძლ მშოვლებსა და შვილებს შორის. მინდობით აღზრდის დროს კი, ბენფიციარი არ კარგავს თავის ბიოლოგიურ ოჯახს და იგი ოჯახიდან გამოდის გარკვეული ვადით, რომელსაც ხელშეკრულება განსაზღვრავს. ხელშეკრულება განსაზღვრავს ასევე იმ თანხის ოდენობასაც, რომელსაც სახელმწიფო უხდის მიმღებ ოჯახს გაწეული სამუშაოსთვის.
როგორც უკვე აღინიშნა, შვილად აყვანა დაიშვება არასრულწლოვანის ინტერესებისა და ზნეობის ნორმების გათვალისწინებით. ურთიერთობა მშვილებელსა და ნაშვილებს შორის სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება, ვინაიდან აღნიშნული ურთიერთობის კონტროლი მიდი მონაწილეთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად. გაშვილების შემდგომი კონტროლიც სწორედ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის არსებული ურთიერთობისას შვილად აყვანილის ინტერესების დაცვის მექანიზმია.
გაეროს 1986 წლის ,,საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გაშვილებულ და აღსაზრდელად გადაცემულ ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სოციალურსამართლებრივი პრინციპების დეკლარაციაში” განსაზღვრულია სახელმწიფოს როლი გაშვილებულ და აღსაზრდელად გადაცემულ ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში. დეკლარაციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია განსაზღვროს საზღვარგარეთ გაშვილებულ ბავშვთა უფლებების დაცვის პოლიტიკა, დააწესოს მკაცრი კონტროლი და შეიმუშაოს ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართელოს კანონმდებლობაში გაშვილების შემდგომი კონტროლის საკმაოდ მწირი რეგულაციები არსებობს. ამის ნათელი მაგალითია ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში არსებული მხოლოდ ერთი მუხლი, რომლის თანახმადაც საერთაშორისო გაშვილების შემდგომ ცენტრალური ორგანო ვალდებულია მიმღები ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე მოსთხოვოს საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ინფორმაციის მოწოდება მიმღები სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ, მანამ სანამ გაშვილებულ ბავშვს არ შეუსრულდება 18 წელი, ანუ საქართელოს კანონმდებლობის მიხედვით არ გახდება სრულწლოვანი. ეს მუხლი ეხება მხოლოდ საერთაშორისო გაშვილების შემდგომ კონტროლს, კანონმდებლობასი კი არაფერია ნათქვამი ეროვნულ დონეზე განხორციელებული გაშვილების კონტროლის შესახებ.
წინამდებარე სტატიაში განხილული საკითხებისა და ჩატარებული ანალიზის გათვალისწინებით, ცალსახად უნდა ითქვას, რომ საქართელოში შვილად აყვანის საკითხო საკმაოდ პრობლემატურია, პრობლემის არსს კი წარმოადგენს ამ ინსტიტუტის სამართლებრივ რეგულაციაში არსებული ხარვეზები. საჭიროა, რომ შვილად აყვანას მეტი ყურადღება მიექცეს გამომდინარე იქიდან , რომ ამ სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი ბავშებისთვის ოჯახური გარემოს შექმნაა. ქართული კანონმდებლობის განხილვილსას გამოჩნდა, რომ საჭიროა ბავშვისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უფრო ლიბერალური მიდგომის არსებობა, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს უფრო მეტი ბავშვი გააშვილოს და შესაბამისად, განხორციელდეს მათი ოჯახში აღზრდის უპირატესი უფლება. აქ პირველ რიგში იგულისხმება იმ შეზღუდვების მოხსნა, რაც აჭიანურებს და ხშირად შეუძლებელსაც კი ხდის ბავშვისთვის გასაშვილებლის სტატუსის მინიჭებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, არსებობს გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველ პირთა რეესტრი, მაგრამ აღნიშნული ვერ იძლევა ეფექტური მუშაობის საშუალებას, კარგი იქნება, თუ ჩამოყალიბდება ბავშვთა რეესტრი, რომლის ინფორმაციაც, გარდა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციისა, იქნება საჯარო და სადაც ბავშვების მონაცემების ნახვა ყველა პირს შეეძლება. ამ საშუალებით, შვილების მსურველი პირები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ბავშვის შვილება სურთ იმ ბავშვებიდან, ვისაც აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. ამასთან ერთად, გაშვილების შემდეგ, ბავშვის მონაცემები რეესტრიდან ამოღებულ უნდა იქნეს, რათა არ დაირღვეს გაშვილების პროცესის და უშუალოდ გაშვილების ფაქტის კონფედენციალურობა.
მინდობით აღზრდი ინსტიტუტი ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელების თვალსაზრისით, დადებითად უნდა შეფასდეს, მაგრამ ყურადღება უნდა გამახვილდეს მის უარყოფით მხარეებზეც, კერძოდ, იმაზე, რომ მინდობით აღზრდის დროს ბავშვი მიმღებ მშვობლებთან რჩება გარკვეული დროით, ამ ვადას კი სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულება განსაზღვრავს, რომელის ვადის გასვლის შემდეგაც ბენეფიციარი ტოვებს ოჯახს და ელოდება ახალ მშობლებს, რომლებიც იზრუნებენ მასზე. ცხადია, ასეთ დროს ბავშვს ვერ ექნება სრულყოფილი ოჯახური გარემოს შეგრძნება, რაც არღვევს მის უფლებას. ამ საკითხის გადასაჭრელად საჭიროა სახელმწიფომ შეიმუშაოს გრძელვადიანი პოლიტიკა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის სწორად წარმართვაში ან მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ ნაცვლად მინდობით აღზრდაში განთავსებისა, მოხდეს ბავშვის გაშვილება და მისი უზრუნველყოფა მუდმივი მზრუნველი ოჯახით, ან მოხდეს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება.
და ბოლოს, დადებითად უნდა შეფასდეს მინდობით აღზრდისა და შვილად აყვანის სფეროში საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული რეფორმები, განსაკუთრებით, კი გაშვილების პროცესის გამარტივება, მაგრამ ბავშვის უპირატესი უფლების განსახორციელებლად, საჭიროა კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს, რაც პირველ რიგში უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული სფეროებში გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავების გზით და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მხრიდან მეტი ჩართულობით.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. საქართველოს კანონი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ”, პარლამენტი, კანონი N7981.
2. საქართველოს კანონი ,,მინდობით აღზრდის შესახებ”, საქართველოს პარლამენტი, N5623.
3. საქართველოს კანონი ,,სოციალური დახმარების შესახებ” – კანონი N4289, საქართველოს პარლამენტი.
4. საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ”, საქართველოს პარლამენტი, კანონი N1644.
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N50/ნ ,,შვილად აყვანის პროცედურების და ფორმების დამტკიცების შესახებ”.
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N281/ნ ,,ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ”.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N51/ნ ,,მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ”.
8. გ. ნადარეიშვილი. ძველი ქართული საოჯახო სამართალი. გამომცემლობა ,,სამთავისი”, თბილისი, 1996 წელი.
9. ქართული სამართლის ძეგლები, წიგნი III, თბილისი, 1970წ.
10. რომან შენგელია, საოჯახო სამართლის კანონთა კომენტარი, გამომცემლობა ,,მერიდიანი”, თბილისი, 1999 წ
11. რომან შენგელია, საოჯახო სამართლის კანონთა კომენტარი, გამომცემლობა ,,სამართალი”, თბილისი 2001 წ.
12. ბავშვთა უფლებათა კონვენცია – გაერო, 1989 წელი.
13. ,,საერთაშორისო და ეროვნუ დონეზე გაშვილებულ და აღსაზრდელად გადაცემულ ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სოციალურსამართლებრივი პრინციპების დეკლარაცია”.
14. საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის საანგარიშო მოხსენება.
15. Implementation Handbook for the Convention on the right of the child. Rachel Hodgkin and Peter Newell, Unicef, 2007.
16. Convention on the Rights on the Child, Committee on the Rights of the Child, Thirty-fourth session, 27 Octomber, 2003.
მომზადებულია ქეთი ბერიშვილის მიერ