სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი არის სახელმწიფო ფინანსების, სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონების ეკონომიურად და მიზნობრივად გამოყენება. სახელმწიფოს, როგორც ყველაზე ფართო მომხმარებელის, მიზანი არის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, უზრუნველყოს: საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯა, სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში; ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნა; შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება, რათა კერძო სექტორს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა მიიღონ სახელმწიფო კონტრაქტები და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.

სახელმწიფო შესყიდვების ძირითდი მარეგულირებელი აქტია საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
სახელმწიფო შესყიდვა არის, ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა: საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის და მათ დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების ბიუჯეტის სახსრებით.
სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვისა ან ტენდერის მეშვეობით.
გამარტივებული შესყიდვა არის შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში, (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების), აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდება ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა, ამ დროს შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შესყიდვების ხელშეკრულება დადოს პირდაპირ მომწოდებლთან, ელექტრონული საშუალებების გარეშე.
ტენდერი არის სამუშაოს, მომსახურების, საქონლის სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთი ფორმაა, რომლის საშუალებით შესყიდვის განხორციელება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება აღემატება 5000 ლარს.
არსებობს ტენდერის 2 სახე: ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარის ან მეტი ღირებულების და გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის შემთხვევაში.
ტენდერის ჩატარების წესი დადგენილია საქართველოს კანონით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდება შემდეგი პროცედურების დაცვით:
ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის, განსაზღვრავს ტენდერში მონაწილე სავარაუდო პრეტენდენტების საკვალიფიკაციო მონაცემებს – მოთხოვნებს, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი, არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.
სატენდერო კომისია, ტენდერის ჩატარების შესახებ, განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში www.procurement.gov.ge -ზე, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და ის ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად, რისთვისაც შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს – ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში, 50 ლარის ოდენობით.
სატენდერო განცხადებაში უნდა უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ტენდერის ტიპი; განცხადების ნომერი, შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება; ტენდერის გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; მითითება წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში– დღგ) გათვალისწინებით თუ მის გარეშე; კლასიფიკატორის დანაყოფი და მისი შესაბამისი CPV კოდი – რომლითაც განსაზღვრულია შესყიდვის ობიექტების სახეები, მათი ერთგვარვნების დადგენის მიზნით; შესყიდვის კონკრეტული შესაძლო ყველაზე დეტალური ობიექტი და მისი შესაბამისი CPV კოდი; შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა, მიწოდების ან შესრულების ვადა; წინადადებით წარმოდგენილი ფასის კლების ბიჯის (თანხა რომლითაც განისაზღვრება ფასის დაკლების მინიმალური ოდენობა) ოდენობა; ელექტრონული გარანტიის ოდენობა; შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და გვარი, რომელმაც განათავსა სატენდერო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღი და ზუსტი დრო; ელექტრონული გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა; სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრული საგარანტიო ვადა.
სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიასა და პირობით აღნიშვნებს; ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში); მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას; სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ და სხვა.
საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.
ელექტრონული ტენდერის და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ტენდერის ჩატარების განსხვავებული ვადები და პროცედურული სიმარტივიეა.
სატენდერო კომისია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 20 დღისა. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, მათი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან, არანაკლებ 15 დღეს. ამ ვადის გასვლიდან, 5 დღის განმავლობაში, პრეტენდენტს უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოადგინოს სატენდერო წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი. თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადებების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს გამოქვეყნებული ინფორმაცია, გარდა შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტებისა და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებისა. ეს ცვლილებები უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.
გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთ სამუშაო დღეს, მათი სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს ფასი კლებადობის პრინციპით და კლების ბიჯის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს. თუ სატენდერო წინადადების გაცნობის ვადა აღემატება ერთ სამუშაო დღეს, შემდგომში დაუშვებელია ამ ვადის შემცირება.
სატენდერო წინადადების წარდგენა პრეტენდენტს შეუძლია მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის ( რომლითაც ადასტურებს რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს ) პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, შემდეგი თანმიმდევრობით.
წინადადების წარდგენის დროს, პრეტენდენტმა პირველ რიგში სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ და ხარისხობრივ აღწერას. ამის შემდეგ მან სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან უნდა იყოს მასზე სულ მცირე ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
პრეტენდენტის შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარმოდგენილი წინადადების ფასების მიხედვით.
წინადადების წარდგენისთანავე პრეტენდენტს, სისტემის მეშვეობით, ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში. ძირითადი დროის განმავლობაში შესაძლებელია წინადადების ფასის შეცვლა, კლებადობის პრინციპის მიხედვით. წინადადების ფასის ყოველი შემდგომი შემცირება უნდა მოხდეს პრეტენდენტის მიერ წინა შეთავაზებულ ფასთან მიმართებაში, არანაკლებ ბიჯით განსაზღვრული ოდენობისა.
დამატებით რაუნდებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომლებმაც ძირითად დროში წარადგინეს წინადადება დადგენილი წესით. პირველ რაუნდში პრეტენდენტის მიერ წინადადების ფასის წარდგენის რიგითობა განისაზღვრება ძირითად დროში წარდგენილი წინადადების ფასის მიხედვით, კერძოდ, პირველ რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა. წინადადების თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ბოლომ დააფიქსირა ასეთი ფასი. დამატებით რაუნდებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის.
ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობის ანონიმურობას, აგრეთვე მათ მიერ მითითებული წინადადების ფასისა და ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის დაფარვას, ფასი ხელმისაწვდომი ხდება დამატებითი რაუნდების დაწყებიდან . ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების შემდეგ, სისტემა გამოავლენს პრეტენდენტს, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა ორგანიზაციას და ის ითვლება ტენდერში გამარჯვებულად.
გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობებით.
სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ტენდერთან დაკავშირებულ დოკუმენტებს აქვეყნებს სისტემის საშუალებით.
ტენდერს ენიჭება სტატუსი – დასრულებულია უარყოფითი შედეგით, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება სატენდერო კომისიის სხდომის შესაბამისი ოქმი და სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არებობის შემთხვევაში), რითაც დასტურდება, რომ ტენდერში მონაწილე ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია. ამ სტატუსის ტენდერისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიმონაწილეობა ამ შემთხვევაში ტენდერი ითვლება არშემდგარად.
შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამის ნორმატიულ აქტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით და აღნიშნულის შედეგად შეუძლებელია ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება.
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში იგი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა
გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა.
შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ან ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, საქართველოში ბოლო წლების მანძილზე, თანმიმდევრულად ვითარდება. განახლდა შესყიდვების პოლიტიკა და პრაქტიკა, რის შედეგადაც შეყიდვების პროცედურები გახდა უფრო რაციონალური და გამჭვირვალე.
სამელწიფო შეყიდვების განხორციელება, ტენდერის საშუალებით, უზრუნველყოფს მზარდ კონკურენციას, რაც ემსახურება როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე პოტენციური მიმწოდებლობის ინტერესებს – ხდება მისაღებ ფასად ოპტიმალური შეთავაზების გამოვლენა, მიმწოდებელს კი ეძელევა საშუალება დაამყარონ ბიზნეს ურთიერთობა სახელმწიფოსთან, მიიღონ სტაბილური და ძვირადღირებული შეკვეთები.

ნანა აბესაძე