დღესდღეისობით, ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ასრულებენ ამა თუ იმ მოქმედებასა და საქმიანობას, თუმცა, ცოტა მათგანი თუ აცნობიერებს მათი მოქმედების სამართლებრივ კუთხეს. ერთ-ერთი ასეთი ურთიერთობა არის ჩუქება და მნიშვნელოვანია, ჩუქების ხელშეკრულებასთან მიმართებაში ზედმიწევნით ზუსტად იქნეს დახასიათებული მისი ძირითადი სამართლებრივი თავისებურებები და მოხდეს მათი სათანადოდ დამუშავება და შეფასება. ამასთან ჩუქების ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მხოლოდ შვიდი

მუხლით არის გადმოცემული, რის გამოც პრაქტიკაში თავს იჩენს არაერთი ისეთი საკითხი, რომელიც კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული. ამ ნაშრომის მიზანია ჩუქების ხელშეკრულების დახასიათება, რამოდენიმე პრობლემური საკითხის განხილვა და სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა. მანამდე მოკლედ მიმოვიხილოთ ჩუქების ხელშეკრულების განვითარების ისტორია.
ძველი რომის სამართალში ჩუქების ხელშეკრულება (pactum donationis) წარმოადგენდა არაფორმალურ შეთანხმებას, რომლითაც ,,ერთი მხარე – გამჩუქებელი გადასცემდა მეორე მხარეს – დასაჩუქრებულს – თავისი ქონების ხარჯზე რაიმე ფასეულობას იმ მიზნით, რათა გამოეჩინა გულუხვობა დასაჩუქრებულის მიმართ”. ჩუქება შეიძლება მომხდარიყო სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით: ფულადი თანხის გადახდით, სერვიტუტით გადაცემის გზით და ა.შ. ჩუქების გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა ჩუქების დაპირება. თავდაპირველად, ჩუქების ხელშეკრულებას რომაელი იურისტები არ ცნობდნენ ტიპიურ ხელშეკრულებად, არამედ მიაკუთვნებდნენ შეთანხმებას, რომელიც არც ერთი ტიპის ხელშეკრულებას არ შეესაბამებოდა, მოგვიანებით კი ჩუქების ხელშეკრულება აღიარებული იქნა ტიპურ ხელშეკრულებად და მას იცავდა კანონმდებლობა. რომის სამართალი მთლიანად იზიარებდა ჩუქების უსასყიდლო ხასიათს1.
ძველი ქართული ვალდებულებითი სამართლის ინსტიტუტებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ნაჩუქრობას. ვალდებულებითი სამართლის ინსტიტუტებისადმი ყურადღება განპირობებული იყო იმით, რომ ამ ინსტიტუტების განვითარება დამოკიდებული იყო ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლაზე. ჩუქების ინსტიტუტს და მის სამართლებრივ რეგულირებას თითქმის ყველა ქართული სამართლის ძეგლში ვხვდებით. ჩუქებას ეხება ივანე ჯავახიშვილი ნაშრომში ,,ქართული სამართლის ისტორია”. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ძველ ქართულ სამართალში ჩუქებას ,,ნიჭი” ეწოდებოდა, მაგრამ მჩუქებლის მდგომარეობისდა მიხედვით საჩუქარსაც და ჩუქებასაც თავისი განსაკუთრებული სახელი ჰქონდა. მაგალითად, სოციალურად მაღლა მდგომისაგან მასზე უფრო დაბლა მდგომისათვის ჩუქებას ,,წყალობა” და ,,შეწყალება” ან ,,ბოძება” ეწოდებოდა, ხოლო ასეთ ნაჩუქარს – ,,ნაწყალობევი” ან ,,ნაბოძვარი”2.
ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები ფართო თეორიული დისკუსიის საგანს წარმოადგენდა რევოლუციამდელ საქართველოში, იმდროინდელი სამოქალაქო სამართლის დოქტრინა არ იძლეოდა ერთგვაროვან პასუხებს ისეთ კითხვებზე როგორიცაა: ჩუქების არსი, სამართლებრივი ბუნება, ადგილი სამოქალაქო სამართლის სისტემაში. თუმცა ცივილისტებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ ოთხი ნიშან-თვისების შესახებ, რაც დამახასიათებელი იყო ჩუქებისათვის: 1. ჩუქების უსასყიდლობა; 2. დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა; 3.გამჩუქებლის ქონების შემცირება; 4.გამჩუქებლის განზრახვა დაასაჩუქროს დასაჩუქრებული3.
ჩუქებასთან დაკავშირებული ურთიერთობები საბჭოთა სამოქალაქო კოდექსით რეგულირდებოდა მხოლოდ ორი მუხლით, ესენი იყო 268-ე და 269-ე მუხლები. 268-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით ერთი მხარე უსასყიდლოდ გადასცემდა ქონებას მეორე

1 ზურაბ ძლიერიშვილი, ჩუქების სამართლებრივი ბუნება. თბილისი, ,,მერიდიანი”, 2004 წ. გვ. 1-3.
2 ზურაბ ძლიერიშვილი, ჩუქების სამართლებრივი ბუნება. თბილისი, ,,მერიდიანი”, 2004 წ. გვ. 6. (დამატებით ვიხილე: ივ. ჯავახიშვილი, თხზ. 12 ტომად. ტ. VI, თბილისი, 1982.)
3 იქვე, გვ. 10-12.
მხარეს საკუთრებად. ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა ნივთის გადაცემის მომენტიდან. მოქალაქის მიერ სახელმწიფო, კოოპერაციული ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის ქონების ჩუქებისას შეიძლება დათქმული ყოფილიყო პირობა, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნებოდა გარკვეული საზოგადოებრივი მიზნის სასარგებლოდ. 269-ე მუხლი კი ითვალისწინებდა ჩუქების ხელშეკრულების ფორმას, კერძოდ, თუ ჩუქების ხელშეკრულების საგანი წარმოადგენდა ხუთას მანეთზე მეტი ღირებულების ქონებას, ხელშეკრულება უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით. მოქალაქის მიერ სახელმწიფო, კოოპერაციული ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის ქონების ჩუქების დროს ხელშეკრულება იდებოდა მარტივი წერილობითი ფორმით, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩუქება კი იმ ფორმით, რაც დადგენილი იყო საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის დროს4.
თანამედროვე ჩუქების სამართლებრივი რეგულირება, ისევე როგორც მთელი ქართული კანონმდებლობა, გერმანული იურიდიული მეცნიერების გავლენით ჩამოყალიბდა5. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილი იქნება ქართული და გერმანული კანონმდებლობის მსგავსებები და განსხვავებები ჩუქების ხელშეკრულებასთან მიმართებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ,,ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით”6. ამასთან, სსკ-ის 525-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კონკრეტდება, რომ ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება, მოძრავი ნივთის შემთხვევაში მისი გადაცემის, ხოლო უძრავი ნივთის შემთხვევაში საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით, ჩუქების ხელშეკრულების დადების ორი სახე წესრიგდება: ერთ შემთხვევაში, მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების შესრულებას, ხოლო მეორე შემთხვევაში, შესრულების მომენტისაგან დამოუკიდებლას წარმოიშობა და დამოკიდებულია მჩუქებლის ნების გამოვლენისათვის დადგენილ დამატებითი წინაპირობის არსებობაზე – მის წერილობით გამოვლენაზე.
სსკ-ის 325-ე მუხლიდან გამომდინარე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება უშუალოდ ნივთის უსასყიდლოდ გადაცემის ანუ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისა და აღნიშნულის მიღებაზე დასაჩუქრებულის თანხმობის შედეგად. ამ შემთხვევაში მხარეები ავლენენ საერთო ნებას, რომელიც ემთხვევა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მომენტს. ფრაზაში – ,,ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით,” იგულისხმება მხარეთა თუნდაც კონკლუდენტური ორმხრივი ნების გამოვლენა, ანუ ხელშეკრულება. ამასთან ვინაიდან ჩუქება ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, ანუ ძირითადი ვალდებულების შესრულება ხელშეკრულების მხოლოდ ერთ მხარეს ეკისრება, ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული მოქმედება ავლენს ნებას, უსასყიდლოდ გადასცეს მეორე მხარეს საკუთრების უფლება ქონებაზე. დასაჩუქრებულის მიერ ქონების მიღება თუ ,,თანხმობა” კი მისი საპასუხო ნების გამოვლენაა7.
მაშასადამე ჩუქება ისეთი გარიგებაა, რონელიც ეფუძნება მხარეთა ურთიერთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას. დასაჩუქრებულის მიერ საჩუქრის მიღებამდე ჩუქება არ ჩაითვლება ძალაში შესულად, რადგან სამართლებრივი ურთიერთობა ორი ურთიერთგანპირობებული ნების საფუძველზე წარმოიშობა8.

4 საქართველოს საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსი. ,,საბჭოთა სამართალი”, თბილისი, 1965 წ. გვ. 173-174.
5 გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია. ,,მერიდიანი”, თბილისი, 2006 წ. გვ. 213.
6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. თბილისი, 2010 წ.
7 სოფიო ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია. ,,ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტი”, თბილისი, 2011 წ. გვ. 92.
8 ზურაბ ძლიერიშვილი, ჩუქების სამართლებრივი ბუნება. თბილისი, ,,მერიდიანი”, 2004 წ. გვ. 23.

გერმანიის სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს ისეთ ურთიერთობას, როდესაც ქონების გადაცემა ხორციელდება მეორე მხარის თანხმობის გარეშე (516-ე პარაგრაფი). აქ კანონმდებელი აწესებს ვადას, ქონების გადამცემს შეუძლია ქონების მიმღებს მოსთხოვოს მიღების შესახებ განცხადების გაკეთება სათანადო ვადის დადგენით. ვადის გასვლის შემდეგ საჩუქარი ითვლება მიღებულად, თუ მეორე მხარე წინასწარ უარს არ განაცხადებს მასზე. უარის თქმის შემთხვევაში, გადაცემული ქონების უკან დაბრუნება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმების თანახმად9.
ჩუქების ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს როგორც მოძრავი ისე უძრავი ნივთები, ასევე ცალკეული უფლებებიც. თუ ჩუქების საგანს წარმოადგენს ისეთი ქონება, რომელზედაც საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმის დაცვით, ჩუქების ხელშეკრულებისათვის სავალდებულოა ამ ფორმის დაცვა. მაგალითად, თუ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთი, მაშინ ხელშეკრულება უნდა დაიდოს იმ ფორმით, რაც სავალდებულოა უძრავი ნივთების შეძენისათვის, კერძოდ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობით, დამოწმდეს სანოტარო წესით და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში10.
ჩუქება მიმართულია ერთი პირიდან მეორეზე საკუთრების უფლების გადაცემისაკენ და ეს ხდება მათ შორის შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, რაც მას საკუთრების შეძენის საშუალებად აქცევს. ამასთან ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ზოგჯერ ჩუქებას ასეთი მიზანი არა აქვს ან საკუთრების უფლების გადასვლა მხარეთა შორის შეთანხმებას არ ემთხვევა. ასეთ შემთხვევაში ჩუქება ვალდებულებითი ურთიერთობის ნაირსახეობად მიიჩნევა. ვალდებულებითი ურთიერთობა ჩუქებაში უფრო გამოკვეთილია და სწორედ ამიტომაა, რომ ჩუქება არა სანივთო, არამედ ვალდებულებითი სამართლის ინსტიტუტადაა მიჩნეული და ამის მიხედვითაა განსაზღვრული მისი ადგილი სახელშეკრულებო სამართალში11.
ჩუქების დანიშნულებას წარმოადგენს დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა და შესაბამისად, მჩუქებლის ქონების შემცირება. ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს გაცვლის დროსაც, როცა ამ დროს ერთი მხარე უფრო მეტად რჩება მოგებული, ვიდრე მეორე. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩუქება არაა სახეზე, რადგან ქონებრივი უპირატესობა შემთხვევითი ელემენტია და შეთანხმენის მთავარ მიზანს არ წარმოაგდენს. დასაჩუქრებულის ქონების ზრდას უნდა შეესაბამებოდეს განჩუქებლის ქონებრივი მდგომარეობის შემცირება. ამით ჩუქება განსხვავდება ანდერძისგან, რომლის დროსაც მამკვიდრებელი მთელ თავის ქონებას ან მის ნაწილს უტოვებს სხვა პირს. მაგრამ მისი ქონება არ მცირდება მანამ, სანამ იგი ცოცხალია. მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გადადის იგი მემკვიდრეზე. აქ არ შეიძლება მამკვიდრებლისა და მემკვიდრის ქონების შესაბამის გაზრდა-შემცირებაზე ვისაუბროთ, რადგან მათი ქონება ერთმანეთს შეერწყმება ფასეულობათა ერთი პირიდან მეორის ხელში გადასვლის მომენტში. ასევე არ შეიძლება ჩუქებად ჩაითვალოს სიცოცხლის დაზღვევა მესამე პირის სასარგებლოდ, რადგან ამ უკანასკნელი ქონების გაზრდა არაა დაკავშირებული დამზღვევის ქონების შემცირებასთან12.
ჩუქების ხელშეკრულების საგანი უნდა იყო ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, მაგალითად, დასაჩუქრებული ვერ გახდება ყადაღადადებული ნივთის მესაკუთრე, რომელიც გამოიწვევს ხელშეკრულების ბათილობას.
უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების მონაწილე მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც

9 გერმანიის სამოქალაქო კოდექსი. ,,გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება gtz””, თბილისი
10 ზურაბ ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი (მეორე გამოცემა). ,,სამართალი”, თბილისი, 1999 წ. გვ. 115. (დამატებით ვიხილე: http://legallibr.blogspot.com/2011/12/blog-post_23.html – 15.11, 14:20 სთ.)
11 ეკატერინე ნინუა, უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობა ჩუქებით. ჟურნალი ,,მართლმსაჯულება” N1, თბილისი, 2008 წ. გვ. 87.
12 ზურაბ ძლიერიშვილი, ჩუქების სამართლებრივი ბუნება. თბილისი, ,,მერიდიანი”, 2004 წ. გვ.24-25. (დამატებით ვიხილე: http://elawjournal.wordpress.com/2012/01/21/ჩუქების-ძირითადი-სამა – 15.11, 12:41 სთ.)
ფიზიკური, ისე, იურიდიული პირები. ყველა შემთხვევაში ისინი უნდა იყვნენ უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი. მაგალითად, არასრულწლოვანს არ შეუძლია გააჩუქოს ქონება ან მიიღოს საჩუქარი წარმომადგენლობის გარეშე13.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს ჩუქების განსაკუთრებულ სახეს – ჩუქების დაპირებას. ჩუქების დაპირება წინარე ხელშეკრულების ნაირსახეობაა და იგი მომავალში ჩუქების ხელშეკრულების დადების საფუძველი ხდება. ასეთი ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საჩუქრის დაპირება წერილობითაა გაფორმებული და სანოტარო წესითაა დადასტურებული. სხვაგვარად დაპირება არავითარ ვალდებულებას არ წარმოშობს14.
მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩუქების შეზღუდვას. ჩუქების შეზღუდვა გვექნება იმ შემთხვევაში, როდესაც ჩუქების ობიექტია ისეთი ქონება, რომელიც საერთო თანაზიარ საკუთრებაშია, მისი გასაჩუქრება შესაძლებელია თანამესაკუთრის ნებართვით. ჩუქების შეზღუდვასთან ერთად კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩუქების დაუშვებლობას. აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს უფლება არა აქვს, გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. ამგვარად, ქონების ჩუქების აკრძალვის საფუძველს წარმოადგენს მჩუქებლის ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ქონების გაჩუქების შემთხვევაში. ჩუქების შეძღუდვა ძირითადად დასაჩუქრებულისა და მესამე პირის ინტერესების დაცვას გულისხმობს. აღნიშნული შემთხვევების არსებობისას ჩუქების ხელშეკრულება არ შეიძლება დაიდოს, ხოლო თუ უკვე დადებულია, იგი აუცილებლად უნდა გაუქმდეს15.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 527-ე მუხლის თანახმად, თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი ვალდებულია, გადასცეს დასაჩუქრებულს ხარისხიანი ნივთი, რომელიც იქნება გარკვეული სარგებლობის მომტანი და ამავე დროს მისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველი. გაჩუქებული ქონება შეიძლება იყოს უხარისხოც, მაგრამ მან ზიანი არ უნდა მიაყენოს დასაჩუქრებულის ჯანმრთელობას ან მის ქონებას. თუ საჩუქარმა ზიანი მიაყენა დასაჩუქრებულის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, მჩუქებელს დაეკისრება მისი ანაზღაურება. მჩუქებელი პასუხს აგებს თავისი არამართლზომიერი და ბრალეული ქმედებისათვის16.
ჩუქების ხელშეკრულება უსასყიდლო გარიგებაა, თუმცა, მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი ძალა დამოკიდებული იყოს ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც. ამ უკანასკნელ შემთხვევას კანონი უწოდებს შეწირულობას. პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე დამოკიდებული ჩუქების ხელშეკრულება მესამი პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების სპეციალური სახეა და პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია მოითხოვოს იმ პირმაც, ვის ინტერესებშიც იგი იქნა დათქმული. დასაჩუქრებულის მიერ პირობის შეუსრულებლობა არის მჩუქებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი17.

13 ეკატერინე ნინუა, უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობა ჩუქებით. ჟურნალი ,,მართლმსაჯულება” N1, თბილისი, 2008 წ. გვ. 89.
14 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი პირველი, ,,სამართალი”, თბილისი, 2001 წ. გვ. 70.
15 იქვე, გვ. 71-72. (დამატებით ვიხილე: ეკატერინე ნინუა, უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობა ჩუქებით. ჟურნალი ,,მართლმსაჯულება” N1, თბილისი, 2008 წ. გვ. 90.
16 ეკატერინე ნინუა, უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობა ჩუქებით. ჟურნალი ,,მართლმსაჯულება” N1, თბილისი, 2008 წ. გვ. 91.
17 ზურაბ ჭეჭელაშვილი, სახელშეკრულებო სამართალი. ,,იურისტის ბიბლიოთეკა”, თბ. 2008 წ. გვ 271.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ18. კანონი არ განმარტავს უმადურობას, ამიტომ სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი, შეფასება უნდა მისცეს უმადურობის მომენტს, რომლის დროსაც უნდა იხელმძღვანელოს დასაჩუქრებულის არამართლზომიერი, განზრახი ხასიათით და მისი მოქმედებით, რომელიც მიმართულია მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის, სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. ნაჩუქარი ქონების უკან გამოთხოვის ფაქტი ხშირად საკუთრების უფლების შელახვის მომეტად აღიქმება, რაც არ არის მართებული. საკამათოა ჩუქების გაუქმება კონსტიტუციის 21-ე მუხლთან. აღნიშნული ნორმის როგორც სამართლებრივი, ისე ზნეობრივი მართლზომიერება სასამართლო პრაქტიკის განზოგადებით დასტურდება19. 2001 წლის 26 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოქალაქე აკაკი საღირაშვილმა, რომელიც უთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი, ,,ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო”, არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს. მოსარჩელის აზრით, ნაჩუქრობის გზით დასაჩუქრებული ხდება ნაჩუქარი ქონების მესაკუთრე, რითაც მხარეებს შორის ურთიერთობა მთავრდება20.
საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა აკაკი საღირაშვილის სარჩელი და იგი არ დააკმაყოფილა სხვადასხვა პრინციპული გარემოებების გამო. ამ გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღინიშნა სამართლის ზნეობრივი ფუნქციის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა: ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის სადავო ნორმა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ხელშეკრულების მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა… ნაჩუქრობა წარმოადგენს სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის იდეალურ გამოვლინებას. აქ ის შემთხვევა გვაქვს, როდესაც ეთიკურ-ზნეობრივი იმპერატივითაა დატვირთული მთელი ურთიერთობა, მისი წარმოშობიდან გაუქმების მომენტის ჩათვლით. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გადაცემა პირდაპირ ენასკვება დასაჩუქრებულის მხრიდან მართალია არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ზნეობრივად სავალდებულო მოქმედების შესრულება კი არ შეიძლება განვიხილოთ თავისუფლების შეზღუდვად. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს”.
შემდეგი მნიშვნელოვანი დებულება ის არის, რომ ზნეობრივ საძირკველზე აღმოცენებულ-დაფუძნებული უფლებები, მათი წარმოშობის შემდეგაც თვდაპირველ წყაროსთან არის მიბმული. აქ არ გვაქვ ის ტრადიციული შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულების საფუძველზე გაჩენილ საკუთრებას აღარაფერი აკავშირებს ამ ხელშეკრულებასთან. ზნეობრივ იმპერატივებზე აგებული საკუთრება მისი ,,გამჩენის” კონტროლის ქვეშ რჩება. სასამართლომ ამ ფონზე სრულიად ახლებური მიდგომა დააფიქსირა ვალდებულებითი და სანივთო უფლებების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა: ,,სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსარჩელეს იმაში, რომ თითქოს სანივთო უფლებებზე არ შეიძლება გავლენას ახდენდეს ვალდებულებითი, იგივე

18 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. თბილისი, 2010 წ.
19 ეკატერინე ნინუა, უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობა ჩუქებით. ჟურნალი ,,მართლმსაჯულება” N1, თბილისი, 2008 წ. გვ. 91-92. (დამატებით ვიხილე: http://elawjournal.wordpress.com/2012/01/21/ჩუქების-გაუქმება-დასაუქ/ 15.11, 12:43 სთ.)
20 საქართველოს მოქალაქე აკაკი საღირაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/2/155 (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2003 წელი, 04.01)
შეფარდებითი უფლებები. …საკუთრების უფლება სხვადასხვა სამართლებრივად ანგარიშგასაწევი საფუძვლით შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ სახელშეკრულებო ურთიერთობასთნ, რომლის საფუძველზეც იგი წარმოიშვა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახელშეკრულებო თავისუფლების შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელია ახალი საკუთრების შემდგომი სამართლებრივი კავშირ-ურთიერთობა მისი წარმოშობის წყაროსთან. სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე ნაჩუქრობასთან. ეს ვალდებულება 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს და გარდა საზოგადო ხასიათისა, ამ კონკრეტულ შეთხვევაში, ნაჩუქრობის სუბსტანციის იმანენტურ ნიშან-თვისებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება სადავო მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა”.
მაშასადამე, ამ შემთხვევაში მჩუქებლის მიმართ მესაკუთრეს ავალდებულებს საკუთრების წარმოშობის საფუძვლები, კერძოდ ის, რომ საკუთრება უსასყიდლო ურთიერთობის შედეგად გაჩნდა. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ უსასყიდლოდ შეძენილი უფლებები ვერ გამოირჩევიან ისეთი სიმტკიცით, როგორც ეს ახასიათებს ეკვივალენტური ურთიერთობის გზით წარმოშობილ უფლებებს. ,,მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც საკუთრების უფლება, როგორც წესი, სახეზეა ყველა მისი ნიშან-თვისებით, ზოგჯერ იგი ნაკლები მოულოდნელობითა და სიმტკიცით ხასიათდება, ვიდრე ამას ადგილი აქვს საკუთრების სასყიდლიანი გზით შეძენისას”.
,,ჩუქების ფაქტის შემდეგ მხარეთა შორის ურთიერთობა დამთავრებული რომ ყოფილიყო, მაშინ არც ჩუქების გაუქმებაზე იქნებოდა საუბარი, ,,ჩუქება შეიძლება გაუქმდეს”, ,,თუ ჩუქება გაუქმდება”, ვინაიდან შეუძლებელია გაუქმდეს ის, რაც არ არსებობს. საჩუქრის დაბრუნება სწორედ რომ ნაჩუქრობის გაუქმების შედეგია. 529-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ”. აქედან ჩანს, რომ ნაჩუქარზე საკუთრების უფლების შეწყვეტა ჩუქების გაუქმებას მოსდევს და ნაჩუქრობის სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის დამახასიათებელი მოვლენაა”.
ამ გადაწყვეტილებიდან გამოჩნდა, რომ საკუთრების უფლება, როგორც ფასეულობა, არ შეიძლება აღემატებოდეს საზოგადოების ზნეობრივ ფასეულობებს. უზომოდ უზნეო იქნებოდა ეს საკუთრება, კანონმდებელს მისი შენარჩუნებისათვის მხარი რომ დაეჭირა. სწორად აღნიშნა სასამართლომ, რომ ,,…ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სამართალი ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას”.
529-ე მუხლის შინაარსი სულაც არ გულისხმობს, იმას რომ დასაჩუქრებული ,,მთელი ცხოვრება” მჩუქებელს შეჰყურებდეს თვალში და თავისუფლებას სამუდამოდ იზღუდავდეს. დასაჩუქრებულს არავინ არ ავალდებულებს რაიმე ისეთი მოქმედების განხორციელებას, რაც მისი მხრიდან სამაგიერო შესრულებას შეიძლება ჩაითვალს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: …ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებას ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს”.
ყოველივე აღნიშნული ლაპარაკობს იმაზე, რომ სამართლი ყოველთვის დარაჯად უნდა ედგეს ხალხის ზნეობას21.
ქართული კანონმდებლობით, ვალდებულებითი ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის საფუძვლიდან უშუალოდ გამომდინარეობს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება, გერმანიის სამართალში კი ნივთის უკან გამოთხოვას უსაფუძვლო გამდიდრების სამართლით მიწესრიგებული მოთხოვნის საფუძველი ამყარებს.

21 ბესარიონ ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში. ,,გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება gtz”, თბილისი, გვ.28-31.
სსკ-ის 529-ე მუხლი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 530-ე და 531-ე პარაგრაფებისაგან განსხვავებით, უშუალოდ განსაზღვრავს მოთხოვნის უფლებას, კერძოდ შესაბამის სამართლებრივ შედეგს. აღნიშნული, გერმანული რეგულირებისაგან განსხვავებით, მხოლოდ ჩუქების გაუქმების უფლებას კი არ წარმოშობს, არამედ აფუძნებს გაუქმების შემდეგ ნივთის უკან გამოთხოვის უფლებასაც. შესაბამისად, იგი სპეციალური მოთხოვნის დამოუკიდებელ სამართლებრივ საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული22.
სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნაჩუქარი ნივთის გამოთხოვა დასაშვებია, როდესაც მჩუქებელი ჩუქების შემდეგ ,,მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის, ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა”.
ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით, როგორც წესი, აღნიშნული უფლება დროში იზღუდება. კერძოდ, იგი შესაძლოა არსებობდეს მანამდე, სანამ არსებობს მჩუქებლის მიერ განხორციელებული სიკეთის შედეგები ან მის სანაცვლოდ მიღებული უპირატესობით დასაჩუქრებული კვლავ გამდიდრებულია. კერძოდ, სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, მჩუქებელი უფლებამოსილია, დასაჩუქრებულისაგან მოითხოვოს ნაჩუქარი ნივთი იმ შემთხვევაში, თუ იგი რეალურად კვლავ არსებობს, ანუ იგი კვლავ დასაჩუქრებულის საკუთრებაში უნდა იყოს. სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს როგორც ნაჩუქარი ნივთის უკან გამოთხოვის უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ასევე შესაბამის სამართლებრივ შედეგს. ამავე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ითვალისწინებს იმ გამონაკლის შემთხვევებს როდესაც ნაჩუქარი ნივთის უკან გამოთხოვის უფლება არ წარმოიშობა. მეორე მუხლის მიხედვით მჩუქებელს არ წარმოეშობა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობების არსებობის მიუხედავად, ნივთის უკან გამოთხოვის უფლება, თუ მან თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით23.
გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 534-ე პარაგრაფი ეხება მორალური ვალდებულების შესაბამის ნაჩუქრობებს და ნაჩუქრობებს ზრდილობისათვის. ამ პარაგრაფის თანახმად ნაჩუქრობები, რომლებიც შეესაბამება მორალურ ვალდებულებებს ან გაკეთდა ზრდილობისათვის, არ ექვემდებარება გამოთხოვასა და გაუქმებას24.
ჩუქების ხელშეკრულების მოწესრიგება ცხადყოფს, რომ ჩუქების ხელშეკრულებიდან გასვლა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. ამასთან, კანონმდებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების თავში მოწესრიგებულ დებულებათაგან არცერთი არ შეიცავს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების დამფუძნებელ რეგულირებას დასაჩუქრებული მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. ერთი შეხედვით ეს გასაგებიცაა, ვინაიდან ჩუქება ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებაა25.
ჩუქების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოვიყვანით რამოდენიმე მაგალითი სასამართლო პრაქტიკიდან:
1996 წელს თ. მ-შვილმა (ბებიამ) შვილიშვილ თა. მ-შვილს (მზრუნველი მ. თ-ძე – დედა) აჩუქა ქ.გორში მდებარე საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდბენ მჩუქებელი, დასაჩუქრებული და ამ უკანასკნელის მზრუნველი. 2000 წელს მჩუქებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, მოსარჩელე უთითებდა, რომ რძალი აღარ უვლიდა, მან დაიწყო სახლიდან საოჯახო ნივთების გაყიდვა, რძალმა გამოიჩინა უმადურობა დედამთილის მიმართ, რის გამოც მოსარჩელე ითხოვდა ჩუქების

22 სოფიო ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია. ,,ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტი”, თბილისი, 2011 წ. გვ. 98.
23 იქვე, გვ. 99-101.
24 გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, ,,გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება gtz”, თბილისი.
25 სოფიო ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია. ,,ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტი”, თბილისი, 2011 წ. გვ. 101.
ხელშეკრულების გაუქმებას სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად. საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაემა სასამართლომ მიიღო, რომელმაც უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. თავის მხრივ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, ამიტომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსი (1964 წლის რედაქცია) არ ითვალისწინებდა აღნიშნული საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას. მოსარჩელის უთანხმოება რძალ მ. თ-ძესთან არ წარმოადგენს ჩუქების ბათილობის საფუძველს იმის გამოც, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებული იყო არა მ. თ-ძესთან, არამედ ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილთან26.
1997 წელს დ. კ. თავის მეზობელს, კ. ა.-ს დაჰპირდა, რომ მის შვილს აჩუქებდა მემკვიდრეობით მიღებულ სახლს, როცა იგი საშუალო სკოლას დაამთავრებდა. ჩუქების დაპირება 1998 წლის 10 იანვარს გაფორმებული იქნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით. ჩუქების დაპირებიდან ორი წლის შემდეგ კ.-ს შვილმა დაამთავრა საშუალო სკოლა, მაგრამ დ. კ.-მ უარი განაცხადა საცხოვრებელი სახლის კ.-ს შვილისათვის საჩუქრად გადაცემაზე იმ მოტივით, რომ მას შეეძინა მესამე შვილი, რის გამოც შეიცვალა მისი ოჯახური მდგომარეობა და ამიტომ აღარ შეუძლია სახლის გაჩუქება. კ. ა.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დ. კ.-საგან შეპირებული საჩუქრის გადაცემა, ასევე მისთვის და მისი შვილისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. კ. ა. თავის მოთხოვნას იმით ასაბუთებდა, რომ მართალია, დამპირებელს შეეძინა მესამე შვილი, მაგრამ შეპირებული საცხოვრებელი სახლი სრულებით არ სჭირდება, რადგან მის გარდა კიდევ ორი საცხოვრებელი სახლი აქვს, შესაბამისად დამპირებლის სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუარესებულა, ხოლო თვითონ იგი კი განიცდის საცხოვრებელი ფართის სივიწროვეს, რამეთუ მრავალშვილიანია და თანაც შრომისუუნარო.
საქმის განმხილველმა სასამართლომ მოსარჩელის არგუმენტები დასაბუთებულად მიიჩნია და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: დამპირებელს დააკისრა შეპირებული სახლის საჩუქრად გადაცემა, ხოლო მოსარჩელეს უარი უთხრა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე27.
მ.ბადრიძემ თავის შვილიშვილს არჩილს აჩუქა ანტიკვარული გიტარა, რომელიც მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული თავისი პაპისაგან. ნაჩუქრობის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა წერილობითი ფორმით, ხელმოწერილ იქნა ორივე მხარის მიერ და შვილიშვილმა მიიღო საჩუქარი. საჩუქრის გადაცემიდან დიდი ხანი არც იყო გასული, რომ მჩუქებელმა შეამჩნია არჩილი, ანუ დასაჩუქრებული, უგულისყუროდ ეკიდებოდა ნაჩუქარ გიტარას, დაკვრის შემდეგ უდიერად მიაგდებდა ხოლმე, პაპის შენიშვნებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. ერთხელ გიტარა ხუმრობით თავში ჩაარტყა მეგობარს, რის შემდეგაც ინსტრუმენტი დაზიანდა. განჩუქებელმა ჩათვალა, რომ ასეთი მოპყრობით გიტარა მნიშვნელოვნად დაზიანდებოდა, იგი ოჯახის რელიკვიას წარმოადგენდა, ამიტომ მან სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შვილიშვილთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული გიტარის უკან დაბრუნება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან ადგილი აქვს გამჩუქებლის მიმართ უმადურობის გამოვლენას, გააუქმა ჩუქების ხელშეკრულება და დასაჩუქრებულს დააკისრა გამჩუქებლისათვის ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნება28.

26 სასამართლოს გადაწყვეტილებანი სამოქალაქო სამართლის საქმეებზე. საქმე N3კ/782, თბილისი, 31.01.01 http://www.supremecourt.ge/court-decisions/civil-cases/.
27 ზურაბ ძლიერიშვილი, ჩუქების სამართლებრივი ბუნება. თბილისი, ,,მერიდიანი”, 2004 წ. გვ. 28-29.
28 იქვე, გვ.37-38.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,ბონა კაუზა”, თბილისი, 2010 წ.
2. გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, ,,გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება gtz”, თბილისი, 2011 წ.
3. საქართველოს საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსი. ,,საბჭოთა სამართალი”, თბილისი, 1965 წ.
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი პირველი, ,,სამართალი”, თბილისი, 2001 წ.
5. ზურაბ ძლიერიშვილი, ჩუქების სამართლებრივი ბუნება. თბილისი, ,,მერიდიანი”, 2004წ.
6. გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია. ,,მერიდიანი”, თბილისი, 2006 წ.
7. სოფიო ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია. ,,ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტი”, თბილისი, 2011 წ.
8. ზურაბ ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი (მეორე გამოცემა). ,,სამართალი”, თბილისი, 1999 წ.
9. ზურაბ ჭეჭელაშვილი, სახელშეკრულებო სამართალი. ,,იურისტის ბიბლიოთეკა”, თბ. 2008 წ.
10. ბესარიონ ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში. ,,გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება gtz”, თბილისი.
11. ეკატერინე ნინუა, უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობა ჩუქებით. ჟურნალი ,,მართლმსაჯულება” N1, თბილისი, 2008 წ.

საქართველოს მოქალაქე აკაკი საღირაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/2/155 (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2003 წელი, 04.01)

სასამართლოს გადაწყვეტილებანი სამოქალაქო სამართლის საქმეებზე. http://www.supremecourt.ge/court-decisions/civil-cases/.

ვებ-რესურსები:

http://legallibr.blogspot.com/2011/12/blog-post_23.html – 15.11, 14:20 სთ.
http://elawjournal.wordpress.com/2012/01/21/ჩუქების-ძირითადი-სამა – 15.11, 12:41 სთ.
http://elawjournal.wordpress.com/2012/01/21/ჩუქების-გაუქმება-დასაუქ/ 15.11, 12:43 სთ.