საავტორო სამართალი განიხილება როგორც კერძო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი,ამიტომ ყოველი სახელმწიფოს ამოცანაა,ხელი შეუწყოს ინტელექტუალურ საკუთრებას, კერძოდ ინტელექტუალურ-შემოქმედებით შრომას, მათ შორის საავტორო უფლებების სამართლებრივი მოწესრიგების გზით. აღსანიშნავია, რომ ამ სფეროსთან დაკავშირებულია მრავალი სასამართლო პროცესი და ითვლება ერთ-ერთ ურთულეს განსახილველ საქმეებად.თანამედროვე საზოგადოებაში საავტორო

უფლების დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა დადასტურებულია იმ ფაქტით, რომ 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აღიარებს მას ადამიანის უფლებად. კერძოდ, 27-ე მუხლის მეორე პარაგრაფში აღნიშნულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაიცვას თავისი მორალური და მატერიალური ინტერესები, რომლებიც მისი ავტორობით შექმნილ მეცნიერულ, ლიტერატურულ და მხატვრულ ნაშრომების შედეგს წარმოადგენს.
პირველ რიგში მოკლედ მინდა განვმარტო რა არის საავტორო უფლება,რაზე ვრცელდება და რაზე არა და როდის წარმოიშობა, შემდეგ კი მისი დაცვის მექანიზმებზე თუ როგორაა დაცული იგი და რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ამ უფლებების დარღვევა.
საავტორო უფლება არის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება,რომელიც წარმოიშობა მეცნიერების,ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს იტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, მოცულობისა და ა.შ. საავტორო უფლება ვრცელდება ასევე ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.
საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე,საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე,აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია ნაწარმოებში. ასევე ოფიციალურ დოკუმენტებზე, აგრეთვე მათ ოფიციალურ თრგმანებზე და სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე.
რაც შეეხება საავტორო უფლების წარმოშობას იგი წარმოიშობა ნაწარმოების შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები კი შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით. საავტორო უფლებების წარმოშობისათვის და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია ანდა რაიმე ფორმალობის დაცვა, მაგრამ ავტორს უფლება აქვს დეპონირება მოახდინოს „საქპატენტში”
საქართველოში საავტორო უფლებათა დაცვა ხორციელდებოდა ჯერ მეფის რუსეთის, ხოლო შემდგომ საბჭოთა კავშირის კანონმდებლობით.1997 წლის 25 ნოემბრიდან პირველი ეროვნული სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებასთნ ერთად ამოქმედდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კანონმდებლობა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც განთავსდა სამოქალაქო კოდექსის მე-4 წიგნის პირველ კარში. ხოლო 1997 წლამდე მოქმედებდა სსრ სამოქალაქო სამართლის 1964 წლის კოდექსის ნორმები. 1999 წლიდან ამოქმედდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი და სამოქალაქო კოდექსში კი დარჩა სპეციალურ კანონზე მითითებითი ნორმა, რომელიც გაწერილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1017 მუხლში, როგორც საავტორო სამართლის ცნება, რომ საავტორო სამართალით მოწესრიგებული საავტორო ქონებრივი და პირად არაქონებრივი უფლებების, აგრეთვე ზოგიერთი მათი მომიჯნავე უფლების დაცვა ხორციელდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ამ უფლების დაცვა განმტკიცებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით:
1. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
3. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.
ასევე დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო და თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილია განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებათა წესები, ოღონდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, რადგან კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მას.
საავტორო სამართლის სფეროში კი საქართველო მიერთებულია შემდეგ საერთაშორისო კონვენციებსა და ხელშეკრულებებზე:
1. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 1967 წლის დაფუძნებული კონვენცია, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1991 წლის 25 დეკემბერს.
2. ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ ბერნის 1886 წლის კონვენცია,საქართველო შეუერთდა 1995 წლის 16 მაისს.
3. ისმოს 1996 წლის ხელშეკრულება საავტორო უფლებების შესახებ, საქართველო შეუერთდა 2002 წლის 6 მარტს.
4. ისმოს 1996 წლის ხელშეკრულება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ შესახებ, რომელსაც საქართველო შეუერთდა 2002 წლის 20 მაისს.
5. შესრულებელთა, ფონოგრამების დამამზადებელთა და სამაუწყებლო ორგანიზაციათა უფლებების დაცვის შესახებ რომის 1961 წლის კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1964 წელს და საქართველო შეუერთდა 2004 წლის 14 აგვისტოს.
6. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ 1994 წლის შეთანხმება,საქართველო შეუერთდა 2000 წლის 14 ივნისს.
საავტორო უფლებები ასევე დაცულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. საავტორო უფლებების დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემდეგ ფორმებს:
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189–ე მუხლის შესაბამისად, საავტორო უფლებების მითვისება, ისევე როგორც თანაავტორობაზე იძულება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. თუ იგივე დანაშაული ჩადენილია არაერთგზის, ის გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. საავტორო უფლებების დარღვევამ, რაც გამოხატულია დიდი ოდენობით შემოსავლის (სულ მცირე 5,000 ლარი) მიღების მიზნით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირებაში, მათი ასლების უნებართვო შენახვაში, შეძენაში, გაყიდვაში, იმპორტში ან გაქირავებაში, ისევე როგორც სხვა ქმედებაში, რომელიც არღვევს შესაბამისი კანონით დაცულ უფლებებს, შეიძლება გამოიწვიოს თავისუფლების შეზღუდვა ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის (სულ მცირე 10,000 ლარი) მიღების მიზნით ან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. თუ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობს იურიდიული პირი, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სანქციები: ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1571 მუხლის შესაბამისად, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირება ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლა, ისევე როგორც მათი კონტრაფაქციული ასლების შეძენა, გაყიდვა, იმპორტი, შენახვა, გაქირავება ან შემოსავლის მიღების მიზნით სხვა ქმედების ჩადენა, რომელიც არღვევს შესაბამისი კანონით დაცულ უფლებებს, დაისჯება ჯარიმით 500 ლარიდან 3,000 ლარამდე კონტრაფაქციული ასლების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით, რომლებიც გამოიყენება მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლისთვის. ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევისათვის ჯარიმის ოდენობა შეადგენს 3,000 ლარიდან 5,000 ლარამდე კონტრაფაქციული ასლების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით. კონფისკებული მოწყობილობები და კონტრაფაქციული ასლები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გადაეცემა უფლების მფლობელს. 1572 და 1573 მუხლებით გათვალისწინებულია სანქცია 5,000 ლარამდე ჯარიმა და ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე უფლების მართვის ინფორმაციის (მუხლი1572) და უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის (მუხლი1573) შეცვლის ან განადგურებისათვის გამოყენებული მოწყობილობების კონფისკაცია.
სამოქალაქო პასუხისმგებლობა – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 59–ე მუხლის შესაბამისად, საავტორო უფლებების დარღვევისას უფლების მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, ან დამრღვევისათვის იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც მან მიიღო საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად. საავტორო უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს კონტრაფაქციული ასლების, ისევე როგორც მათი დამზადებისათვის გამოყენებული მოწყობილობების განადგურება. კანონის 61–ე მუხლი, აგრეთვე, უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ წინასწარი ღონისძიებების (აკრძალვა, ყადაღის დადება) გატარების შესაძლებლობას ამავდროულად, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ საქმეთა წარმოება შეიძლება მიმდინარეობდეს სამოქალაქო საქმის პარალელურად, რაც ნიშნავს იმას, რომ სისხლის/ადმინისტრაციულ საქმეთა პარალელურად, დაზარალებული მხარე უფლებამოსილია დამრღვევის წინააღმდეგ წამოიწყოს სამოქალაქო საქმე.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონი ითვალისწინებს კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ სპეციალურ დებულებებს. საქართველოში არსებული საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ქართველი ავტორების დიდ ნაწილს, ადმინისტრირებას უწევს სხვადასხვა კატეგორიის უფლებებს, რაც საშუალებას აძლევს საავტორო უფლებების მფლობელებს უფრო ეფექტურად დაიცვან თავიანთი უფლებები. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მსოფლიოს მასშტაბით დადებული აქვს ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ ხელშეკრულებები ასზე მეტ მსგავს ორგანიზაციასთან და ის არის ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) წევრი, მექანიკური უფლებების დამცველი საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის (BIEM) წევრი და რეპროდუცირების უფლების დამცავი ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFRRO) წევრი.