რეადმისიის შეთანხმება სიახლეს წარმოაგენს საქართველოსთვის. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ,,უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმება (შემდგომში ,,რეადმისიის შეთანხმება”) ძალაში შევიდა 2011 წლის პირველი მარტიდან.
შეთანხმების ძირითადი მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება ხელშემკვრელ მხარეებს შორის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში და პირთა უსაფრთხო დაბრუნება ევროპიდან საქართველოს
მიმართულებით, ან პირიქით. ევროკავშირის მხრიდან შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოები არიან : ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, კვიპროსი, ლიტვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ რეადმისიის შეთანხმებას უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია მსგავსი საკითხების მარეგულირებელ ხელშეკრულებებთან მიმართებით. რეადმისიის ხელშეკრულება ახალ ვალდებულებებს განსაზღვრავს მხარეთათვის და მათი ზედმიწევნით შესრულება მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე. რეადმისიის ხელშეკრულება ავალდებულებს როგორც საქართველოს მხარეს ისე, ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს ხელი შეუწყონ თავიანთი მოქალაქეების რეადმისიის პროცესის ეფექტურ განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების განხორციელების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი პირთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვა უნდა იყოს.
რეადმისია დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალური თემაა, რის შესახებაც სრული ინფორმაცია საზოგადოების მცირე ნაწილს აქვს მიწოდებული, არადა ემიგრანტთა უდიდესი ნაწილი კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება ევროკავშირის ტერიტორიაზე.
რეადმისიის შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობას ეფუძნება. რეადმისია – ნიშნავს სახელმწიფოს აქტს დაუშვას საკუთარი მოქალაქის, მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დაბრუნება (re-entry) თავის სახელმწიფოში, რომელიც უნებართვოდ შევიდა, იმყოფება ან ცხოვრობს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
რეადმისიის შეთანხმება გულისხმობს შეთანხმებას, რომელიც მხარეებს აკისრებს ვალდებულებებს, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ და პროცედურულ საკითხებს, რომ მოხდეს იმ პირთა ადვილად დაბრუნება/ტრანზიტი მიმღებ ქვეყანაში, რომელებიც ვეღარ აკმაყოფილებენ წარმდგენ სახელმწიფოში ცხოვრების პირობებს.
რეადმისიის განხორციელებისთვის გარდა პირის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა, აღნიშნული პირი არალეგალურად უნდა იმყოფებოდეს წარმდგენ სახელმწიფოში. რეადმისიის შეთანხმება არ ადგენს პირის არალეგალურად ყოფნის საფუძვლებს, აღნიშნული საკითხი ქვეყნების შიდა კანონმდებლობას ექვემდებარება. ტერმინის „არალეგალური ყოფნა” განსაზღვრება მოცემულია, 2002 წლის ევროპული საბჭოს რეკომენდაციში, არალეგალურ მიგრაციასთან და ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტის განმარტებით, არალეგალურად მყოფი პირები არიან ისინი, ვინც :
• არალეგალურად გადაკვეთეს წევრი–სახელმწიფოს ტერიტორია უდოკუმენტოდ ან ყალბი დოკუმენტით;
• ისინი, ვისაც აქვთ ქვეყანაში ბინადრობისა და მუშაობის უფლება, თუმცა დაარღვიეს სახელმწიფოში ლეგალურად ყოფნის ვადები, ან დაარღვიეს სახელმწიფოში ყოფნის სხვა პირობები.
• ისინი, ვინც ლეგალურად იმყოფებიან წევრი–სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მაგრამ ეწევიან ისეთ საქმიანობას, რომელსაც არ ითვალისწინებს მათზე გაცემული ვიზა/ბინადრობის უფლება (ანუ არ ჰქონდათ ე.წ. „სამუშაო ვიზა”);
• ვინც მოქმედი ვიზით/ბინადრობის უფლებით გადაკვეთეს ტერიტორია, მაგრამ დარჩნენ უფრო მეტი ხნით, ვიდრე ამას ითვალისწინებდა კონკრეტულ პირზე გაცემული ვიზა/ბინადრობის უფლება;
რეადმისიის განხორციელებისას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი შესაძლებელია, რომ განვიხილოთ ორ ასპექტში : 1. წარმდგენი სახელმწიფოს მიერ დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დაცვა (გადაწყვეტილების მიღება, აღსრულება, დაკავება, გასაჩივრების უფლება და ა.შ.); 2. პირის დაბრუნება მიმღებ ქვეყანაში რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში. ზოგადად, სახელმწიფო უფლებამოსილია გადაწყვიტოს, დაუშვას თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქის/მიგრანტის შემოსვლა, ყოფნა თუ ცხოვრება მის ტერიტორიაზე. 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე–13 მუხლში აღნიშნულია, რომ პირს აქვს უფლება დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, რაც მოქალაქეობის ქვეყნის საპასუხო ვალდებულებას წარმოქმნის, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია მიიღოს იგი. რეადმისიის შეთანხმებები არ ავალდებულებს სახელმწიფოს მიიღოს საკუთარი მოქალაქე, არამედ ადგენს დაბრუნების გამარტივებულ პროცედურებს.
რეადმისიის შეთანხმება არ განსაზღვრავს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის უფლებებს, თუ არ ჩავთვლით პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიებს. თუმცა, შეთანხმება ადგენს ზოგად პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც არ უნდა დაირღვეს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი, ხოლო რეადმისიის პროცესში პერსონალური მონაცემების მიღება და დამუშავება კანონიერი გზით უნდა მოხდეს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის იურიდიულ საფუძველს 1996 წელს ხელმოწერილი “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება წარმოადგენს. შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირის წევრ–სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას და სამართლებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ, ფინანსურ თუ კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობას.
რეადმისიის შეთანხმების მთავარი მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თანამშრომლობის გაძლიერებაა, რომელიც ორივე მხარეს თანაბრად აკისრებს ვალდებულებებს და ანიჭებს უფლებამოსილებებს.
აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ შეთანხმების მონაწილე ევროკავშირის წევრი–სახელმწიფოები, მეორეს მხრივ კი საქართველო, ახორციელებს იმ პირთა „უსაფრთხო და ორგანიზებულ დაბრუნებას”, „რომლებიც ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ან ევროკავშირის რომელიმე წევრი–სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს”. შეთანხმება განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება დაექვემდებაროს რეადმისიას და რა შემთხვევაში, ადგენს რეადმისიის პროცედურას, რეადმისიის განაცხადის წარდგენის პირობებსა და ვადებს.