მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (ინგლ. World Trade Organization, აკრონიმი WTO) — საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1995 წელს GATT-ის საფუძველზე, ურუგვაის რაუნდის რვაწლიანი მოლაპარაკებების შედეგად და მან ფაქტიურად შეცვალა გატი (GATT).

ამ ორგანიზაციებმა უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში შექმნეს ძლიერი საერთაშორისო სავაჭრო სისტემა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არსებით წყაროს მარაკეშის შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც 1994 წლის 14 აპრილს დაიდო და ძალაში 1995 წლის 1 იანვარს შევიდა. მას ასევე საფუძვლად უდევს 30-მდე შეთანხმება,

რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისო ვაჭრობისა და სავაჭრო პოლიტიკის სამართლებრივ ბაზას. ეს შეთანხმებები თავმოყრილია ურუგვაის რაუნდის საბოლოო აქტში, რომლის ძირითადი პრინციპებია: არადისკრიმინაციული დამოკიდებულება ყველა ქვეყნის მიმართ; თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა; კონკურენციის ხელშეწყობა; განსაკუთრებული დახმარების აღმოჩენა ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ უპრეცედენტოდ გაზარდა გლობალური ეკონომიკა. ის აწესებს სავაჭრო სისტემის კანონებს და აგვარებს უთანხმოებებს მის წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა უმრავლესობა დაახლოებით 30 ერთობლივი შეთანხმების ხელმომწერია. დაარსების შემდეგ, მრავალ ქვეყანაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გლობალიზაციის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ გაერთიანებათა ძირითად ფოკუსშია.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია–ეს არის ორგანიზაცია, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დასაწყებად, ეს არის ფორუმი მთავრობებისთვის, სავაჭრო ხელშეკრულებებისთვის, მოლაპარაკებისათვის. ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია სავაჭრო უთანხმოების მოგვარება. ის ოპერირებს სავაჭრო კანონმდებლობის გამოყენებით.
არსებითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არის ადგილი, სადაც წევრი ქვეყნების მთავრობები ცდილობენ დაალაგონ მათ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო პრობლემები.
მსოფლიო სავაჭრო ორგანოზაციას აქვს სამი ძირითადი მიზანი:
1) ხელი შეუწყოს ვაჭრობას;
2) მიაღწიოს თანდათანობით ლიბერალიზაციას მოლაპარაკებების გზით;
3) დანერგოს დავების სამართლიანი მოგვარების მექანიზმები.

მართვა
ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაში (შვეიცარია) მდებარეობს. 2013 წლის 2 მარტის მონაცემებით მასში გაერთიანებული წევრი ქვეყნების რაოდენობაა 159. ამ ქვეყნების საერთო-სავაჭრო ბრუნვა მსოფლიო სავაჭრო ბრუნვის 95 % შეადგენს. WTO–ის 159 წევრისგან 117 განვითარებადი ქვეყანაა. ორგანიზაციის ყოველწლიურ ბიუჯეტს 180 მილიონი დოლარი შეადგენს. WTO–ს სამი ოფიციალური ენა გააჩნია: ინგლისური, ფრანგული და ესპანური.
WTO-ს საქმიანობას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა მინისტრთა კონფერენცია, რომელიც ყოველ მეორე წელს იკრიბება და გადაწყვეტილებებს იღებს ძირითადად სახელმწიფოთაშორისი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ. მინისტრთა კონფერენციის წინაშე ანგარიშვალდებულია გენერალური საბჭო, რომელიც კონფერენციებს შორის ატარებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მუშაობას გენერალური კონსულის ხელმძღვანელობით. საბჭო რეგულარულად იკრიბება ჟენევაში. მას ჰყავს წარმომადგენლები (ჩვეულებრივ ელჩები ან მათ რანგთან გათანაბრებული წარმომადგენლები). დღეისათვის გენერალური კონსულია H.E. Mr Shahid Bashir (პაკისტანიდან). გენერალური საბჭოს დონეზე მუშაობს ორი ორგანო: დავების გადაწყვეტისა და სავაჭრო პოლიტიკის განხილვის. გარდა ამისა, ორგანიზაცია მოიცავს კიდევ რამდენიმე საბჭოს, კომიტეტებსა და კომისიებს, რომლებიც შექმნილია მრავალმხრივი შეთანხმებების ხასიათიდან გამომდინარე.

რას საქმიანობს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია შექმნილია მოლაპარაკების საფუძველზე და ყველაფერი რასაც ის აღწევს არის მოლაპარაკების შედეგი. მთარობებს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიზანია დაეხმაროს მწარმოებლებს, ექსპორტიორ–იმპორტიორებს, ბიზნესმენებს. თუმცა ისე რომ მათ ინტერესებთან ერთად გათვალისწინებული იყოს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მიზნები. იქ, სადაც ქვეყნებს ექმნებათ პრობლემა სავაჭრო ურთიერთობებში, მოლაპარაკების საშუალებით ხდება მათი დახმარება ბაზარზე შესასვლელად, მაგრამ WTO არ წარმოადგენს მხოლოდ დამხმარეს ბაზარზე შესასვლელად. ზოგიერთ შემთხვევაში ის ეხმარება ბარიერების რეგულირების მართვაში. ორგანიზაცია აწესრიგებს საერთაშორისო ვაჭრობის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ურთიერთობებს. მისი წევრები ვალდებულნი არიან სავაჭრო ურთიერთობის პოლიტიკაში შეინარჩუნონ შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმები. WTO-ს ხელშეკრულება არეგულირებს საქონლის, მომსახურების და ინტელექტუალურ საკუთრებას. ქვეყნები მოქმედებენ ლიბერალიზაციის პრინციპის დაცვით. ისინი იღებენ ვალდებულებებს, ურთიერთვაჭრობის პროცესში შეამცირონ საბაჟო ტარიფები და სხვა სავაჭრო ბარიერები, ბაზარი გახადონ ღია და გამჭვირვალე მონაწილეობისათვის. ხელშეკრულებები, რომლებიც ფორმდება ქვეყნებს შორის მოქნილია. დროდადრო შესაძლებელია მათი გადახედვა და შეთანხმების პაკეტს შეიძლება დაემატოს ახალი შეთანხმება. წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან აცნობონ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას იმ კანონების შესახებ, რომლებიც მოქმედებს ქვეყანაში ან აპირებენ მიღებას.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია:

• სამართლებრივი ბაზის შექმნა სავაჭრო ბარიერების მართვისა და დისკრიმინაციის აღკვეთის მიზნით;
• მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა;
• ვაჭრობასთან დაკავშირებული საერთაშორისო დავების მოგვარება;
• წევრი ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკის ზედამხედველობა;
• მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

1999 წლის 6 ოქტომბერს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა საბჭომ ხელი მოაწერა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელ, მარაკეშის შეთანხმებასთან, საქართველოს მიერთების ოქმს. 2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 137-ე სრულუფლებიანი წევრი გახდა.
მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება მომგებიანად ითვლება, რადგან უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი, დისკრიმინაციისგან დაცვა და ეროვნულ თუ იმპორტირებულ საქონელზე თანაბარი გადასახადების დაწესება ხელს უწყობს როგორც ამ ქვეყნის მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობას, ასევე მეწარმეებს, რომლებსაც შანსი ეძლევათ თავისი პროდუქცია ქვეყნის გარეთაც გაიტანონ.
შემცირებული ტარიფების სანაცვლოდ მოგებას ქვეყნები გაზრდილი ვაჭრობით იღებენ. ბარიერების შემცირებაც ისეა გათვალისწინებული, რომ გაუმჯობესდეს შიდა მეწარმეობა.
სავაჭრო ორგანიზაციას აქვს სპეციალური რეკომენდაციები (განვითარებული ქვეყნების მიხედვით შემუშავებული) განვითარებადი ქვეყნებისთვის. ასევე ხსნიან, როდის და როგორ დაიცვან ადგილობრივი მწარმოებლები, მაგალითად, ისეთი საქონლის იმპორტის შემთხვევაში, რომელსაც სუბსიდიის ან დემპინგის წყალობით ძალიან დაბალი ფასი აქვს. განვითარებად ქვეყნებს მეტი დრო ეძლევათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებების პირობების დანერგვისთვის.
ნაკლებგანვითარებული ქვეყნები ერთვებიან სპეციალურ რეჟიმში, ასევე თავისუფლდებიან მრავალი პირობისგან. განვითარების საჭიროების გამო შეიძლება განხორციელდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ნორმალურ შემთხვევაში დაუშვებლადაა მიჩნეული. ასეთია, გარკვეული სუბსიდიების გაღება მთავრობების მიერ. ეს პირობები მხარეებმა „დოჰას” მინისტერიალზე შეათანხმეს. ამ მინისტერიალზე საფუძველი ჩაეყარა „განვითარების რაუნდს”, ამავე მინისტერიალზე საქართველო პირველად წარსდგა როგორც სრულუფლებიანი ქვეყანა; სწორედ აქ შემუშავდა მნიშვნელოვანი დებულება 7 ახალგაწევრიანებული ქვეყნისთვის (მათ შორის საქართველოსთვის). დებულება მდგომარეობს შემდეგში: მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები მხარს უჭერდნენ ბაზრების ლიბერალიზაციას, თავის მხრივ ეს უკვე განხორციელებული აქვთ და არ უნდა მოეთხოვოთ ბაზრის შემდგომი გახსნა იმავე მასშტაბით, როგორც სხვა წევრებს. ამავე მინისტერიალზე გადაწყდა ნაკლებად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მიხედვით შექმნილიყო ახალი ტერმინი – „მცირე, გარდამავალი ეკონომიკის და დაბალშემოსავლიანი ქვეყნები”. ეს ტერმინი სპეციალური, განსხვავებული მიდგომისა და ტექნიკური დახმარების საკითხთა კონტექსტში იყო გამოყენებული. ამ დეკლარაციაში აისახა რამდენიმე ინიციატივა, რომლითაც საქართველო განსაკუთრებით იყო დაინტერესებული. ეს იყო ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე გეოგრაფიულ აღნიშვნათა რეგისტრაციის მრავალმხრივი სისტემის დაფუძნებისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტებისა და მათი დაცვის მექანიზმების სხვა საქონელზე გავრცელების მიზანშეწონილობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ასევე განვითარებული ქვეყნების ბაზრების გახსნა განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის.

რუსეთი, საქართველო და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

18-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა, ჟენევაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის შესახებ პროტოკოლს, ხელი მოაწერა. რუსეთმა ჯერ კიდევ 1993 წელს მიმართა GATT-ს ოფიციალური განცხადებით, რომ მას მიერთებოდა. 1995 წლიდან დაიწყო გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ საქართველო გახდებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, თუმცა რუსეთის ორგანიზაციაში მიღებას სრულიად სხვა ფაქტორები აფერხებდა. საქართველოს გარდა, რუსეთი ურთიერთობებს აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებთანაც არკვევდა. 2009 წელს დავოსში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ეჭვი გამოთქვა, რომ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი პოლიტიკური ნიშნით ფერხდებოდა. ანალიტიკოსები საკითხის გაჭიანურების მიზეზად ასახელებენ რუსეთის ფედერაციის მმართველობის ავტორიტარულ ფორმას, ასევე იმ საერთაშორისო სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არის კორუფციის მაღალი დონე, ქრთამის მაღალი წლიური ოდენობა, ჩრდილოვანი ეკონომიკა და მთავრობის მიერ კონტროლირებადი ბიზნესი. მიუხედავად ამისა, ამერიკა და ევროკავშირის ქვეყნები ვერ გაექცნენ იმ ფაქტს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობა მათთვის ხელსაყრელი იქნებოდა.

საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შვეიცარიაში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თანხმობის მაღალ ფასად ,,გაყიდვას” აპირებდა, აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე, ვეტო არცთუ რეალური აღმოჩნდა. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ პოლიტიკური ვაჭრობის გვერდზე გადადების გარეშეც საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა თუნდაც ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის უპირობო გახსნა და 2006 წლიდან დაწესებული ემბარგოს გაუქმება.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან ემბარგოს მოხსნას; ეს არც სავაჭრო საგანი უნდა ყოფილიყო და არც რომელიმე მხარის გადასაწყვეტი, რადგან რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ისედაც გულისხმობს ამ ქვეყნის მოქცევას ცივილიზებულ ჩარჩოებში და მის მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების გათვალისწინებას. ეს კი იქამდე მიდის, რომ რუსეთს არა უპირობოდ, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევს ემბარგოს მოხსნა – ასეთია ექსპერტთა უმრავლესობის აზრი. გასათვალისწინებელია მიზეზი, რის გამოც რუსეთის მხარემ ემბარგო დააწესა. ეს პრდუქციის უხარისხობით იყო ახსნილი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია კი ბაზარზე სწორედ ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტს გულისხმობს.

რა შეუძლია WTO-ს?
1.შეამციროს ცხოვრების ხარჯები და გაზარდოს ცხოვრების სტანდარტები.
2.მოაგვაროს უთანხმოება და შეამციროს სავაჭრო დაძაბულობა.
3.ხელი მოაწეროს ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას.
4.შეამციროს საერთაშორისო ბიზნესის კეთების ხარჯები.
5. ხელი შეუწყოს კარგ მმართველობას.
6. ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას.
7.გააძლიეროს სუსტი მხარეები.
8. დაეხმაროს ქვეყნებს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით
9.ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას.

და ბოლოს, ამ სტატიაში შევეცადე მეჩვენებინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კომპლექსური და დინამიური ხასიათი WTO–სა და მისი სავაჭრო წესების შესახებ . ის ასახავს (ერთიანი ) სავაჭრო სისტემის სარგებელს. არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერი სრულყოფილია. იქ, სადაც სისტემა სრულყოფილია, აღარაა საჭირო მომავალი მოლაპარაკებები, სისტემა ვეღარ განვითარდება და რეფორმებიც აღარაა აუცილებელი.