მეგობრებო, ა.წ. 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარს ივანე კიღურაძის საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ღია წერილის ტექსტს.
გთხოვთ გაეცნოთ და თუ მისაღებია თქვენთვის და უერთდებით მას, დააფიქსიროთ თქვენი მხარდაჭერა.
16.05.2013
საქართველოს პარლამენტის წევრებს,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ დავით უსუფაშვილს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის, პროფ. გიორგი თუმანიშვილისა და სხვა მოქალაქეთა მიმართვა
საქართველოს პარლამენტში, კერძოდ კი ა.წ. 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა შესწორება საქართველოს კანონში “უმაღლესი განათლების შესახებ”, რომლის შინაარსიც იყო სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიის განმტკიცება, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ბ-მა ივანე კიღურაძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებში არსებული „დღევანდელი საბჭოები, დღევანდელი რექტორები არ არიან ლეგიტიმურები“ რომ „დღევანდელი საბჭოები და რექტორები არიან წინა მთავრობის მიერ ჩანერგილები უნივერსიტეტებში“ და რომ „ილიას უნივერსიტეტი არის ხელოვნურად შექმნილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გასანადგურებლად“.
გამოთქმული აზრი, ეფუძნება ე.წ. კონსპირაციის თეორიას, ფორმულირებულია მტკიცებითი სახით და ამავდროულად, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურ საზრისს. ბატონი ივანეს გამონათქვამები არაეთიკურია, არაკოლეგიალური და ყოვლად შეუფერებელი ადამიანისათვის, რომელიც იკავებს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.
ზემოხსენებული გამონათქვამები, ასევე, პირდაპირ მიმართულია უნივერსიტეტებს შორის შუღლის გაღვივებისკენ (უნივერსიტეტებში დასაქმებულ პირთა შორის, ასევე უშუალო ბენეფიციარებს -სტუდენტებს შორის) და აბსოლუტურად ცდება უნივერსიტეტების ძირითად ფილოსოფიურ საზრისს, როგორც სტუდენტთა და პროფესორთა ერთობისა – მრავალფუნქციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებისა, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევარების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე, რომელიც ემყარება აკადემიური თავისუფლების, სინდისის თავისუფლებისა და არჩევანის თავისუფლების პრინციპებს.
განათლების სისტემა, მისი მნიშვნელობის, როლის, ფუნქციების გააზრება არის ის ბაზისი, რომელიც განაპირობებს ერის ინტელექტუალურ ზრდას, მიმართულია ინდივიდების დამოუკიდებელ, თავისუფალ და განათლებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობისაკენ, რომლის გარეშეც შეუძლებელია თანამედროვე განათლებული, თავისუფალი, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება.
ვფიქრობთ, რომ ბატონ ივანე კიღურაძის განცხადებები საწყისშივე ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის ავტონომიის იდეას, შეურაცხყოფს უნივერსიტეტებში (სახელდობრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომუშავე ადამიანთა საქმიან რეპუტაციას) და ემსახურება უნივერსიტეტის, როგორც იურიდიული პირის სახელისა და იმიჯის დისკრედიტაციას.
მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ ბატონ ივანე კიღურაძის მიერ წარმოდგენილ იქნას მის მიერ განცხადებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები დოკუმენტაციის სახით, ამ უკანასკნელის არ (ვერ) წარმოდგენის შემთხვევაში, გთხოვთ დააყენოთ საკითხი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ბატონ ივანე კიღურაძის გადაყენების შესახებ.