სანოტარო მედიაცია

“ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში, მოხდა სანოტარო მედიაციის ინსტიტუტის დეფინიცირება. კანონმდებელმა ნოტარიუსის სამართლებრივი სტატუსის შინაარსი მედიატორის ფუნქციებითაც აღჭურვა. საინტერესოა საკითხი
იმის შესახებ, აღნიშნული მიდგომა გამართლებულია და შესაბამისობაში არის თუარა ნოტარიუსის სამართლებრივ სტატუსთან, ან ხომ არ გულისხმობს ეს მედიატორის, როგორც დამოუკიდებელი მიუკერძოებელი და უპირატესად დავის შეთანხმებით დასრულებაზე ორიენტირებული პირის, საქმიანობის შინაარსის, მისი სუბსტანციურობის ხელყოფას? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა დეტალურად გავეცნოთ “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს

კანონის დღეს არსებულ ნორმას სანოტარო მედიაციასთან დაკავშირებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს 2008 წლის დირექტივა მედიაციიის პროცესსა და მის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ეს დირექტივა ზოგად მითითებებს შეიცავს და მისი დაკონკრეტება ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობების პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება დავსახოთ მომავალისაკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებს სანოტარო მედიაციის პროცესს. როგორც აღვნიშნეთ, ნოტარიუსის სამართლებრივი სტატუსი მდგომარეობს იმაში, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოსგან უფლებამოსილ პირს, რომელიც პირთათვის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მრჩევლის როლში გვევლინება. მედიატორიც დამოუკიდებელი მიუკერძოებელი პირია, რომელიც ეხმარება მხარეებს დავის შეთანხმებით დასრულებაში.

აშშ-ში, ნიუ-იორკში არსებობს Mediator Ethics Advisory Committee, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსისათვის მედიატორის უფლებამოსილების მინიჭება არ ეწინააღმდეგება კანონს და ნოტარიუსის სამართლებრივი სტატუსის შინაარსს. სლოვენიაშიც შესაძლებელია ნოტარიუსი მედიატორი იყოს, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს დაეხმარება კონფლიქტის მშვიდობიანად და ეფექტურად მოგვარებაში. ნოტარიუსები სულ უფრო მეტ სწავლებასა და ტრენინგებს გადიან მედიატორის ფუნქციებისა და თვისებების უკეთ გარკვევასა და ათვისებაში. აქედან გამომდინარე, ქართულ სინამდვილეშიც, ნოტარიუსის მედიატორის როლში ყოფნა წარმოუდგენელი არ უნდა იყოს. მეტიც, ნოტარიუსი აღჭურვილია იმ უფლებამოსილებებით, რაც მნიშვნელოვანია მხარეთა მორიგებისათვის. ნოტარიუსმა კარგად იცის ის საკანონმდებლო ნორმები, რომელთა დაცვის გარეშეც მედიაციის პროცესის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას აზრი დაეკარგება. მნიშვნელოვანია, რომ
ნებისმიერი მოლაპარაკების დროს საბოლოო სიტყვა მხარეებს ეკუთვნით, თუმცა
მედიატორის როლი მედიაციის წარმატებით დასრულებაში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მას უნდა შეეძლოს სხვადასხვა სახის სტრატეგიის კომბინირება და საჭირო დროს საჭირო მეთოდების გამოყენება. აღნიშნული გარემოება პირებს სანოტარო მედიაციისადმი ნდობას გაუჩენს. კონფლიქტის მშვიდობიანად და წარმატებით გადაჭრის უმთავრესი კრიტერიუმიც სწორედ ნდობის მოპოვებაა. აქედან გამომდინარე, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ სანოტარო მედიაციის პროცესი, რომელიც ნოტარიუსის მიერაა ხელშეწყობილი და მისი მონაწილეობით მიმდინარეობს, უფრო მეტად სანდო და მისაღებია სამოქალაქო ურთიერთობებში წარმოშობილი დავის გადაწყვეტისას. მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს დირექტივის მიხედვით მედიატორის სამართლებრივი სტატუსი მკაცრად განსაზღვრული არ არის. მეტიც, მედიატორი შესაძლოა იყოს თავად საქმის განმხილველი, ან სხვა მოსამართლეც, ე.ი. ნებისმიერი პირი. ეს შეიძლება იყოს, როგორც ნოტარიუსი, ისე სხვა პირიც. აღნიშნული დირექტივის თანახმად, ორი ან ორზე მეტი დაპირისპირებული მხარის კონფლიქტის მოგვარება მიმდინარეობს მედიატორის დახმარებით და მხარეთა თვითპასუხისმგებლობის საფუძველზე. ამასთან, მხარეებმა არ უნდა განსაზღვრონ ის უფლება-მოვალეობები, რომელთა უფლებამოსილებაც მათ არ
გააჩნიათ. აღსანიშნავია, რომ დირექტივა რაიმე შეზღუდვას გადასაწყვეტ დავათა
ხასიათზე არ შეიცავს, თუმცა მედიაციის პროცესის გამოყენებას სამოქალაქო და
სავაჭრო ხასიათის დავებზე უშვებს. ე.ი. მხარეებს აქვთ უფლება ნებისმიერი დავა
მედიაციის პროცესს დაუქვემდებარონ. “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს
კანონის მიდგომაც ასეთია.

“ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 381-ე მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოთვლის იმ შესაძლო დავებს, რაც შეიძლება სანოტარო მედიაციის პროცესს
დაექვემდებაროს. მათგან ერთ-ერთი არის საოჯახო სამართლებრივი დავა. საოჯახო დავების განხილვის დროს, (მაგ, განქორწინების საქმეებზე) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოტარიუსი მედიატორის როლი, რადგან მხარეებს ამ დროს ცოლ-ქმარს მხოლოდ ფორმალური კავშირი აქვთ ერთმანეთთან და შეჯიბრობითობის პრინციპით მოქმედებენ. განსაკუთრებით წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში, თითოეული ადვოკატი ცდილობს ერთმანეთის დადანაშაულებას, ვინაიდან მათ უმთავრეს მიზანს მოგება წარმოადგენს და ამ დროს ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ორივე მეუღლისათვის მისაღები შედეგის მიღწევით. რაც შეიძლება მტკივნეული იყოს მათი შვილებისათვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის ინტერესებთან მიმართებით ისეთიმნიშვნელოვანი პრინციპიც კი, როგორიც კონფიდენციალურობაა საოჯახო მედიაციის პროცესის დროს ითვალისწინებს გამონაკლისებს, კერძოდ: კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა გაუმართლებელია იმ შემთხვევაში, როცა საფრთხე ექმნება საჯარო წესრიგსა და ბავშვის უპირატეს ინტერესებს. შესაბამისად, სასურველია “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში შევიდეს შემდეგი სახის საკანონმდებლო ნორმა: დაშვებულია კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევა, თუ მედიაციის პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა ზიანს აყენებს ბავშვის უპირატეს ინტერესებს.
განქორწინების საქმეებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას მნიშვნელოვანია გამოცდილი ნოტარიუსი მედიატორის როლი, რომელიც გათვითცნობიერებული უნდა იყოს ფსიქოლოგიურ ასპექტებშიც. ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში არ არის ადვილი მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმებით ბავშვის ინტერესების დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნოტარიუს მედიატორებს გარდა სამართლის ნორმების კარგად და სიღრმისეულად ცოდნისა, ასევე მოეთხოვებათ გარკვეული ფსიქოლოგიური “სტრატეგიების” გაანალიზება და გამოყენება.

მნიშვნელოვანი საკითხია, მედიაციის ვადის განსზაღვრა. ესეც ასევე მხარეებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მედიაციის პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს, მედიაციის ერთ-ერთი მთავარი არსი ისაა, რომ ის სასამართლო პროცესებზე ნაკლებ დროს მოითხოვს, ამიტომ მართებული იქნება თუ მისი ხანგრძლივობა ერთი თვის ვადას არ გასცდება. მიუხედავად იმისა, რომ აქაც მხარეების გადაწყვეტილებაა პრიორიტეტული, ევროსაბჭოს 2008 წლის დირექტივის მიხედვით, ვადები სკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს, რომ მედიაციის პროცესი ფარგლებს არ გასცდეს. ქვეყნებში სადაც მედიაცია მაღალ დონეზეა განვითარებული მედიაცია 2-3 დღეზე მეტ ხანს არ გრძელდება როგორც წესი.”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის
პირველივე წინადადების თანახმად, ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ განხორციელებული მოქმედება ანაზღაურებას ექვემდებარება, ხოლო ანაზრაურების წესი და ოდენობა გარდა “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონისა გაწერილია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ნოტარიუსს არ აქვს სახელმწიფოს მხრიდან დადგენილი ხელფასი და, ამდენად, არ არის გარანტირებულად ანაზღაურებადი პირი, ანაზღაურება სწორედ მისი მომსახურებით მოსარგებლე პირების მიერ გაღებული სახსრებიდან ფინანსდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სანოტარო
მედიაციაც “ჩვეულებრივ” სანოტარო მოქმედებად ითვლება და, შესაბამისად, ასეთისანოტარო მომსახურებაც სასყიდლიანი ხასიათის უნდა იყოს. ამასთანავე, ამ საკითხთან დაკავშირებით იურიდიულ ლიტერატურასა და პრაქტიკაში ერთიანი აზრი არ არსებობს. გავრცელებული შეხედულების თანახმად, მედიატორის მიმართ მომსახურების გადახდა უნდა მოხდეს კონკრეტული საქმის სირთულიდან გამომდინარე. ეს იმას ნიშნავს, რომ გათვალისწინებული იქნება მედიაციის პროცესის ხანგრძლივობა, დახარჯული დრო, საქმის სირთულე და სხვა გარემოებები. რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში მედიაციის პროცესის საერთო ღირებულება სასამართლოში საქმის წარმოების ღირებულებაზე ნაკლები უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე, რთულია ერთმნიშვნელოვნად განისაზღვროს სანოტარო მედიაციის, როგორც ნოტარიუსის მიერ განხორციელებული მომსახურების საფასური. უმჯობესია, ღირებულების გადახდა მოხდეს დავის საგნის ღირებულებით და, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელი იყოს საფასურის გაზრდა კანონით გათვალისწინებული ზედა ზღვრის ფარგლებში. ე.ი. დადგენილი უნდა იყოს თანხის ის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც ნოტარიუსს შეეძლება შესაბამისი ღირებულების მხარეთათვის გადახდევინება.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა განახორციელოს მომსახურების გადახდა, ლიტერატურასა და პრაქტიკაში გავრცელებული შეხედულების თანახმად, შესაძლოა გადახდა მოხდეს თანაბრად მხარეების მიერ ან თავად მხარეებმა განსაზღვრონ მომსახურების საფასურის გადახდის წესი. გავრცელებული შეხედულების თანახმად ასევე მიღებულია, რომ სათანადო სახელშეკრულებო რეგულირების არარსებობის შემთხვევაში მედიანტები მედიატორის წინაშე პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები. შესაძლოა ერთ-ერთი ალტერნატივა იყოს ის, რომ მოხდეს სანოტარო მომსახურების საფასურის იმგვარი განაწილება, რომელიც თითოეული მხარის ინტერესების/მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაბამისი (პროპორციული) იქნება. ასეთ შემთხვევაში საფასური განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების მიხედვით და მხარეებს მოუწევთ იმ ოდენობის მომსახურების საფასურის გადახდა, რა ნაწილშიც მოხდა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მნიშვნელოვანია საკითხი იმასთან დაკავშირებითაც, თუ არ მოხდა სანოტარო მედიაციის პროცესის წარმატებით დასრულება, ვის უნდა დაეკისროს ნოტარიუსის მიერ გაწეული მომსახურების გადახდის საფასური. იმის გათვალისწინებით, რომ მედიაცია განიხილება დროისა და ფულის დაზოგვის შესაძლებლობად არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოსთვისაც, რომელიც იძულებულია საკმაოდ დიდი რესურსი გამოყოს დავების გადაწყვეტის მიზნით ხანგრძლივი პროცესების წარმოებისათვის, სანოტარო მედიაციის პროცესი არ უნდა გახდეს უპირატესად მოგების მიღებაზე ორიენტირებული პროცესი. ე.ი. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს თანაბრად უნდა დაეკისროთ შესაძლო გადასახადის ოდენობიდან მინიმალური რაოდენობის გადასახადი, რომელიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი იქნება
ნოტარიუსის მიერ გაწეულ მომსახურებასთან.

საკითხი რთულდება იმ ვითარებაში, როდესაც სანოტარო მედიაციის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე მხარის ბრალეული მოქმედებით ვერ ხდება შეთანხმების მიღწევა. ამ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და, შესაბამისად, ნოტარიუსის მომსახურების საფასურის არაკეთილსინდისიერი მხარისათვის დაკისრება, თუმცა აღნიშნული წესის დამკვიდრება ძალზედ გაართულებს დავის გადაწყვეტას და შესაძლოა ახალი დაპირისპირების მიზეზიც გახდეს.
მედიაციის პროცესის გამართვის ადგილს ასევე ირჩევენ მხარეები, როგორც წესი სანოტარო მედიაციის პროცესი მიმდინარეობს ნოტარიუსი მედიატორის სანოტარო ბიუროში, თმცა მხარეთა შეთანხმებით შეიზლება სხვა ადგილიც იქნს შეთანხმებული. პრცესის დასრუელბისას ნოტარიუსი მედიატორი ამოწმებს შეთანხმების საქართველსო კანონმდებლობასთან შესაბამისობას. თუ ნოტარიუსს, რომელსაც დაწყებული ჰქონდა მედიაციის წესით საქმის განხილვა, შეუწყდა ან შეუჩერდა უფლებამოსილება, მედიაციის პროცესს დაასრულებს ნებისმიერი სხვა ნოტარიუსი მხარეთა ინტერესების შესაბამისად. თუ სანოტარო მედიაციისთვის კანონით დადგენილ ვადაში დავა მხარეთა შეთანხმებით არ დასრულდა, ნოტარიუსი მედიატორი გამოიტანს დადგენილებას სანოტარო მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შესახებ. მხარეს შეუძლია წარადგინოს სარჩელი საერთო წესების დაცვით. რაც შეეხება უშუალოდ მედიაციის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას, მედიაციის მისი წარმატებით დასრულება აუცილებლად უნდა გაფორმდეს შეთანხმების სახით და დამოწმდეს სანოტარო წესით. როდესაც ნოტარიუსი რაიმეს ამოწმებს ნოტარიულად, დამოწმებული დოკუმენტი სამართლებრივი მნიშვნელობის
დოკუმენტად განიხილება და, ამასთანავე, მხარეთა ხელმოწერა გულისხმობს დოკუმენტში არსებული პირობებზე მხარეთა თანხმობას. შესაძლოა მხარეები დავის გარკვეულ ნაწილზე შეთანხმდენ, ამიტომ შესაძლებელი და სასურველი უნდა იყოს დავის ამ ნაწილზეც, შეთანხმების დადასტურება სანოტარო წესით. მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომლის აღსრულებაც ექვემდებარება სამართლის ნორმებს. შესაბამისად, მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას თავისი სამართლებრივი მახასიათებლებით. რათქმაუნდა აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმები კანონმდებლობაში დეტალურად უნდა იქნას მოგვარებული, ეს პრინციპი გაჟღერებულია ევროსაბჭოს დირექტივაშიც.
მნიშვნელოვანია სააღსრულებლო ფურცლის გაცემის უფლებამოსილება ნოტარიუსი მედიატორის მიერ. სწორედ სააღსრულებლო ფურცლის საშუალებითხდება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხის მხარეთა ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტა. მხარეები სანოტარო მედიაციის შედეგად მიღწეულ შეთანხმებაში ითვალისწინებენ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საშუალებით შეთანხმების იძულებით აღსრულებას. შესაბამისად, შეთანხმება სასამართლოს გვერდის ავლით მიდის პირდაპირ აღმასრულებელთან, რომელიც ყოველგვარი პროცედურული გართულებებისა და სასამართლო წარმოების გარეშე კანონმდებლობით დადგენილი წესით აღასრულებს მედიაციის პროცესის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას. სააღმსრულებლო ფურცლის გაცემსთან დაკავშირებითაც აუცილებელია კანონმდებლობაში შესაძლო პრობლემატური სკაითხები დარეგულირდეს. სააღსრუელბო ფურცელი სანოტარო მედიაციის ერთგვარი გვირგვინია, რომლის მიხედვითაც მხარეებს ეკისრებათ კონკრეტული ვალდებულები, შესაბამისად მის კანონთან შესაბამისობას და სამართლიანობის პრინციპს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, სააღმსრუელბლო ფურცელი ბათლად უნდა იქნეს ცნობილი თუ შეთანხმება მიღწეულ იქნა ნოტარიუსი მედიატორისა და რომელიმე მხარის მიერ მეორე მხარის შეცდომაში შეყვანით, მოტყუებით ანდა სხვა სახის თვალთმაქცობითა და მიკრეძოებით.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სანოტარო მედიაცია, როგორც კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანთა სოციალური ურთიერთობების შენარჩუნების ეფექტური საშუალება, სრულიად ახალი მოვლენა და ნაკლებად განვითარებული ინსტიტუტია თანამედროვე ქართულ სამართალში. ამიტომ, საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტას, და, მეორე მხრივ, მხარეებს გაუჩენს სურვილს წარმოშობილი
კონფლიქტი სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის ხელშეწყობით მოაგვარონ. ნათელია, რომ, ჩვეულებრივი მედიატორისაგან განსხვავებით, ნოტარიუსი უფრო მეტად გაცნობიერებულია სამართლებრივ საკითხებში, შესაბამისად, მას არ გაუჭირდება ისეთი შეთანხმების მიღწევისათვის ხელშეწყობა, რომელიც უპირატესად მხარის ინტერესებისა და კანონის შესაბამისი იქნება.
აქედან გამომდინარე, სანოტარო მედიაციის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი დადებითი მხარის გამოყოფაა შესაძლებელი: მხარეს აღარ უწევს სასამართლოში წასვლა, იხდის ნაკლებ გადასახადს, დავის გადაწყვეტა ხდება ეფექტურად და მცირე დროში, მხარეები ინარჩუნებენ სოციალურ ურთიერთობებს, მორიგების აქტი მოწმდება სანოტარო წესით, ნოტარიუსი მედიატორი საჭიროების შემთხვევაში გასცემს სააღსრულებლო ძალის მქონე დოკუმენტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანოტარო მედიაციისადმი ნდობა მეტია. ამიტომ, სანოტარო მედიაციის ჩამოყალებებისა და განვითარების პირველ ეტაპზე
(და შემდგომ ეტაპებზეც) საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ნორმების არსებობა, რომლებიც მხარეებს გაუადვილებთ მოლაპარაკების პროცესს და დაეხმარება მათ ზედმეტი ფორმალობებისა და გართულებების გარეშე თავიანთი კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებაში.

გამოყენებული ლიტერატურა :

1. გიორგი ცერცვაძე „მედიაციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”, დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის გამოშვება, თბილისი, 2013;
2. გიორგი ცერცვაძე „მედიაცია”, თბილისი 2010, გამომცემლობა „მერიდიანი”;
3. http://tcc.gov.ge/index.php?m=587;
4. საქართველოს კანონი „ ნოტარიატის შესახებ”