სამოქალაქო გადაზიდვა, მისი სახეები და სამართლებრივი რეგულირება

სტატია ეხება სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს გადაზიდვა-გადაყვანას, მის სპეციფიკასა და სამართლებრივ რეგულირებას. გადაზიდვა-გადაყვანის სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეთორმეტე თავით. აღნიშნული თავით წესრიგდება ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის პროცესებისათვის დამახასიათებელი ისეთი აუცილებელი საკითხები, როგორებიცაა: ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის თავისებურებანი; ხელშეკრულების ფორმები; ვადები და პირობები; მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხები; მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობა და პირობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ამ ურთიერთობებში წარმოიშობა.

ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპებზეც კი საზოგადოებრივი ურთიერთობები მოითხოვდა: ადამიანების გაერთიანებას დროსა და სივრცეში, საწარმოო პროცესების ეფექტურად წარმართვისათვის; მატერიალურ და კულტურულ ფასეულობათა გამოყენებას სამეცნიერო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამხედრო, სასწავლო და სხვა ხასიათის საქმიანობისათვის. ასე წარმოიშვა დასახლებული პუნქტები, ტერიტორიულ გაფართოებასა და ადამიანთა საცხოვრებელი ადგილებიდან დროებითი ყოფნის ადგილებზე სწრაფად გადაადგილების აუცილებლობას შორის შეიქმნა წინააღმდეგობა. ამ წინაარმდეგობის დაძლევა უზრუნველყო საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტმა .
არსებობს ტრანსპორტის რამოდენიმე დამოუკიდებელი სახე, მათი დაყოფა გამოწვეულია იმით, რომ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც ხორციელდება ტვირთის გადატანა და მგზავრთა გადაყვანა, სხვადასხვანაირია. სატრანსპორტო სისტემა მოიცავს: სარკინიგზო; სამდინარო; საზღვაო; საავტომობილო და საჰაერო ტრანსპორტს. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული გადაზიდვა-გადაყვანა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკით და რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობებით.
როგორც ცნობილია, ტრანსპორტის პროდუქციად ითვლება გადაადგილება. ტრანსპორტი წარმოადგენს აუცილებელ პირობას ნებისმიერი პროდუქციის წარმოებისათვის. ტრანსპორტი, ეს არის მატერიალური წარმოების მეოთხე ძირითადი ეტაპი მომპოვებელი, გადამამუშავებელი და მწარმოებელი სფეროს გვერდით. ტრანსპორტის პროდუქციის თავისებურებად ითვლება ის, რომ იგი არ იწარმოება ნივთობრივ ფორმაში, რასაც ყიდის სატრანსპორტო წარმოება, ეს არის გადაადგილება. მისგან მიღებული სასარგებლო ეფექტი უწყვეტად არის დაკავშირებული გადაზიდვებთან და მითუმეტეს, სატრანსპორტო წარმოების პროცესთან.
სამგზავრო ტრანსპორტი მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების ერთ-ერთ ძირითად სახეს წარმოადგენს.იგი უზრუნველყოფს ხალხის გადაყვანს, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაზიდვას. სამგზავრო გადაყვანებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ქვეყნის აღმშენებლობის, ისე ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსახლეობის უსაფრთხო და და სწრაფი გადაადგილების გაზრდილი მოთხოვნების სრულად და ხარისხიანად დაკმაყოფილების, დასახლებულ პუნქტებს შორის კავშირის განმტკიცების, ცალკეულ დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილების და მიმოსვლიანობის გაზრდის მიზნით. მოსახლეობის გადაადგილების დროის დანახარჯების შემცირება პირდაპირ გავლენას ახდენს მათ შრომის ნაყოფიერებაზე, დაზოგილი დრო კი საშუალებას აძლევს თითოეულ მათგანს თავისი ინტერესების სასარგებლოდ წარმართოს იგი.
სამგზავრო საავტომობილო გადაყვანები თავისი ტექნოლოგიური პროცესების შესრულების თვალსაზრისით, არ წარმოადგენს რთულ პროცესს, სხვა სახის გადაზიდვებთან შედარებით. იგი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და პრაქტიკულად გამოყენებადია. ძალიან მნიშვნელოვანია საავტომობილო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის განსაკუთრებული მოქნილობა, რაც უზრუნველყობს საჭიროების შემთხვევაში მოძრაობის მიმართულების სწრაფად შეცვლას და გაგზავნისა და დანიშულების პუნქტებთან უშუალო მიდგომის შესაძლებლობას. და კიდევ უფრო მეტიც, მხოლოდ საავტომობილო სამგზავრო ტრანსპორტი იძლევა მგზავრის კარიდან-კარამდე გადაადგილების საშუალებას.
გადაზიდვა-გადაყვანის ურთიერთობები იწყება მხარეთა შორის სათანადო შინაარსის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელშიც ნათლად უნდა იყოს გაწერილი მთელი რიგი პირობები და საკითხები, რომლებიც მხარეთა კანონიერი ინტერესების დაცვის მყარი გარანტიაა. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულების მხარეები არიან გადამზიდველი და მგზავრი, რომელიც უნდა გადაიყვანოს გადამზიდველმა დანიშნულების ადგილზე.
გადაზიდვის ხელშეკრულების დროს სახეზეა ორმხრივი სახელშეკრულებო ვალდებულება, რადგან გარკვეული უფლებები და მოვალეობები წქრმოეშობა როგორც გამგზავნს, ისე გადამზიდველს. გადამზიდველის ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკით.
იმ შემთხვევაში, თუკი გადაზიდვა ხოერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველის მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის, მეორე და ყოველი მომდევნო გადამზიდველი ტვირთისა და ზედნადების გადაცემის გზით ხდება ხელშეკრულების მხარე. როცა ტვირთის დაკარგვა ან დაზიანება გამოწვეულია ორი ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ, მაშინ თითოეულმა უნდა აანაზღაუროს პასუხისმგებლობის წილის შესაბამისი თანხა, თუ ერთ-ერთი გადამზიდველი გადახდისუუნაროა, მის მიერ გადასახდელი, მაგრამ ჯერ კიდევ გადაუხდელი თანხა ნაწილდება დანარჩენ გადამზიდველებს შორის, მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი წილის პროპორციულად.
კანონმდებელი კრძალავს ისეთ შეთანხმებას, რომელიც არშეესაბამება სამოქალაქო კოდექსის იმ თავის წესებს, რომელიც გადაზიდვის ურთიერთობებს არეგულირებს.
როგორც აღვნიშნე, გადაზიდვა-გადაყვანის არაერთი სახე არსებობს, რომელთაგანაც ერთ-ერთია საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა. სტრატეგიული თვალსაზრისით საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები, მისი პოტენციური სესაზლებლობებიდან გამომდენარე, სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულია, მისი პერსპექტიული განვითარებისათვის საერთო პრობლემების გადასაწყვეტად გამოიყოფა გლობალური და რეგიონალური მიმართულებები .
საგარეო ეკონომიკური კავშირების სრულყოფა ყოველი ქვეყნის ეკონომიკური ეფექტურობის ზრდის უდიდესი რეზერვია. საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების განვითარება პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განვითარებასთან. საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO, განიხილავს სამოქალაქო ავიაციაში არსებულ ყველა პრობლემას და ცდილობს გადაწყვიტოს ისინი საერთაშორისო შეთანხმებისა და მოლაპარაკების გზით. ICAO აერთიანებს 180-ზე მეტ სუვერენულ სახელმწიფოს. საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა უნდა ეფუძნებოდეს შესაძლებლობათა თანასწორობას, სრულდებოდეს რაციონალურად და ეკონომიურად. ფაქტიურად, ICAO-ს ძირითად მიზანს წარმოადგენს უსაფრთხო რეგულარული, ეფექტური და ეკონომიური საჰაერო ტრანსპორტის განვითარება.
საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო რეგულირება მოიცავს თავისი ქვეყნის, უცხოელი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებას თავისი სახელმწიფოს ტერიტორიასა და მის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეზე, საკუთარი სუვერენიტეტის განხორცილებისას .
საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანების მოცულობის გაზრდა ხელს უწყობს ადგილობრივი ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას, რაც თავისთავად ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისა და გაძლიერების ერთ-ერთი ფაქტორია. გადაზიდვა-გადაყვანის უფლება ბაზარზე დაშვების უფლებაა, რომელიც გამოიხატება შეთანხმებული გეოგრაფიული თუ ტექნიკური აღწერილობის ან ამ აღწერილობათა გაერათიანების სახით, რომელიც ეხება, ვინ ან რა უნდა იყოს გადაყვანილი ან გადაზიდული, ნებადართული საჰაერო ხომალდით დადგენილ მარშრუტზე ან მის ნაწილზე .
რაც შეეხება საქართველოს საზღვაო კოდექსს, რომლის თანახმადაც, საზღვაო გადაზიდვის დროს დგება ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ფორმდება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, გადამზიდველი ან გამფრახტველი კისრულობენ ვალდებულებას, გადაზიდონ ტვირთი და ჩააბარონ მიმღებს. საზღვაო გადაზიდვის დროს დგება საზღვაო ზედნადები, კონოსამენტი, სადაც გაწერილია ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები.
საქართველოს საზღვაო კოდექსი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც ხელშეკრულების ორივე მხარეს აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, მეორე მხარისათვის შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების გარეშე. საქართველოს გააჩნია განსაკუთრებული უფლებამოსილება თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ააგოს (აგრეთვე ნება დართოს ააგონ) და დაარეგულიროს შექმნა, ექსპლუატაცია და გამოყენება: ხელოვნური კუნძულების; მოწყობილობებისა და ნაგებობების, რომლებიც გამოიყენება საზღვაო სივრცის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული მიზნით, აგრეთვე სხვა ეკონომიკური მიზნებისათვის; საქართველოს აღნიშნული ხელოვნური კუნძულების მიმართ განსაკუთრებული იურისდიქცია აქვს, მათ შორის, საბაჟო, საემიგრაციო ფისკალური და სანიტარული კანონებისა და წესების, აგრეთვე უსაფრთხოების მიმართ. საქართველოს უფლება აქვს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების ირგვლივ, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას გონივრული უსაფრთხოების ზონები, რომელთა ფარგლებშიც უფლებამოსილია ნაოსნობის, აგრეთვე ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ზომები მიიღოს .
საქართველოს სარკინიგზი კოდექსის მიხედვით, ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვის პირობები არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთ პირობებს მხარეები ითვალისწინებენ მათ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით. რკინიგზა კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს მგზავრი ადგილით, გადაიყვანოს იგი ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე და ასევე მოახდინოს მგზავრის კუთვნილი ბარგის გადატანა. სარკინიგზო გადაზიდვის დროს დგრბა ზედნადები, რომლის საფუძველზეც რკინიგზა კისრულობს ვალდებულებას გამგზავნის მიერ მისთვის გადაცემული ტვირთი, გადაზიდვის პირობების დაცვით გადაიტანოს და ჩააბაროს ტვირთის მიმღებს, ხოლო ტვირთის გამგზავნი ვალდებულია გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური.
გადაზიდვა-გადაყვანის დროს შეიძლება დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. სატრანსპორტო დანაშაულების სისხლისსამართლებრივი ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესებთან, ასევე ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ დანაშაულათა უმრავლესობა აქტიური მოქმედებითაა ჩადენილი. ზოგი მათგანის ჩადენა შეიძლება როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. სატრანსპორტო დანაშაულთა სუბიექტი უმეტეს შემთხვევაში სპეციალურია, კერძო მუშაკი, რომელიც ტრანსპორტის მართვისა და ექსპლოატაციის პროცესში სხვადასხვა ფორმითაა ჩართული, ან უშუალოდ მართავს სატრანსპორტო საშუალებას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო დანაშაულისათვის დგება 14 წლის ასაკიდან. სისხლის სამართლი კოდექსის 275-ე მუხლში საუბარია რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევაზე.
საზოგადოებრივი გარემო განაპირობებს სივრცეში ხალხის გადაადგილების აუცილებლობას, როგორც მისი სოციალური ქცევის ფუნქციას, სტიმულს აძლევს ადამიანს მისთვის მისაწვდომი ტერიტორიების პროგრესული გაფართოებისა და მოძრაობის სიჩქარის ზრდისათვის. სამგზავრო ტრანსპორტის დანიშნულებაა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილება გადაადგილებაზე და ამით ხელი ხელი შეუწყოს დასახლებულ პუნქტებს შორის კავშირის განმტკიცებას, ცალკეულ დასახლებულ პუნქტში მოსახლეობის მიმოსვლიანობის გაზრდას და მათი საყოფაცხოვრებო დონის ამაღლებას.
ხალხის გადაყვანა შეიძლება განხორციელდეს როგორც პროფესიონალურ დონეზე, ასევე დამოუკიდებლად, მოქალაქეების მიერ პირადი მიზნებით. პროფესიულ დონეზე შესრულებული გადაყვანები შეიძლება იყოს კომერციული და არაკომერციული. კომერციულ გადაყვანებს ასრულებს გადამყვანი ეკონომიკური შედეგის მიზნით. იგი იყოფა გადაყვანებად საერთო სარგებლობის ტრანსპორტად და ტექნოლოგიურ გადაყვანებად. არაკომერციულ გადაყვანებს ასრულებენ მოქალაქეები პირად მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე მას ახდენენ ორგანიზაციები სახელმწიფო, ან მუნიციპალური სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე.
ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” განმარტავს შემდეგნაირად: „საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა არის სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით”. საერთაშორის გადაყვანა-გადაზიდვას გააჩნია შესაბამისი დაბეგვრის წესები, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსი არეგულირებს.

ბიბლიოგრაფია:
1) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.თბილისი.1997 ;
2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
3) საქართველოს საჰაერო კოდექსი.თბილისი 1996;
4) საქართველოს საზღვაო კოდექსი.თბილისი1997;
5) საქართველოს სარკინიგზო კოდექსი.თბილისი 2002;
6) საქართველოს საგადასახადო კოდექსი.თბილისი 2012;
7) საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ”. თბილისი 1995;
8) ნ.პეპანაშვილი. ბიზნეს სამართალი. 2011;
9) დ.გეფერიძე. საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების საერტაშორისო სამართლებრივი რეგულირების ასპექტები. თბილისი. 2009;
10) ზ.კანდელაკი. საერთაშორის გადაყვანა-გადაზიდვების ტექნოლოგია და მენეჯმენტი. თბილისი. 2009;
11) ფ.ა. ზოკოვიჩი. მასალები სგადაზიდვათა ექსპლოატაციის საკითხებისათვის. თბილისი. 1988;
12) ნუგზარ ნავაძე, ვასილ ქართველიშვილი, თეიმურაზ გორშკოვი. სამგზავრო საავტომობილო გადაყვანები. თბილისი. 2009;
13) ჯ.კახიანი. სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო და სამეურნეო რეგულირება საქართველოში. თბილისი. 1999;

14) Международные договора и соглашения в области внешнеторговых грузов, Воздушные перевозки http://www.lexim.ru/smi/1065

15) Бордунов В.Д. Международное воздушное право, М.,2007;

16) ალმანახი№5. ლევან ბარდაველიძე გადაზიდვა-გადაყვანა. 1998;

17) შორენა გაბიჩვაძე. მართლმსაჯულება. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების ცნება და ფორმები.2009;

18) უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები