სამართლის დანიშნულების, ფილოსოფიური მნიშვნელობისა და თანადროული მიზნობრიობის შესახებ

სამართლის დანიშნულების, ფილოსოფიური მნიშვნელობისა და თანადროული მიზნობრიობის შესახებ
დღევანდელი დღის გააზრების გარეშე
ხვალინდელი, უკეთესი დღის იმედიც – სისულელეა
გიორგი გ. თუმანიშვილი

 

ტექსტის ერთიანი გაუაზრებელი აღქმა ხშირ შემთხვევაში ამ ტექსტის წაკითხვის სურვილს კლავს. მით უფრო თუ ტექსტი ვიზუალურად მოცულობითია. მიუხედავად ამ სინამდვილისა მსურს თქვენი ყურადღება შევაჩერო რამოდენიმე საკითხზე, რომლებზეც დაფიქრება არ მიმაჩნია დროის ფლანგვად.

სამართალი არის ადამიანთა მიერ შექმნილი ქცევის წესების რეგულირების სისტემა. სამყაროში, რომელშიც არ არსებობს ადამიანი, ანუ გონიერი, მაღალგანვითარებული ცოცხალი ორგანიზმი, არ არსებობს სამართალიც, არსებობს მხოლოდ მიზეზშედეგობრიობის ჯაჭვი, რომელიც განაპირობებს მოვლენათა განვითარებას და შესაბამის შედეგებს.

სამართლის არსებობა განპირობებულია ადამიანის ფსიქიკური პროცესებითა და სამართლიანობის, როგორც ასეთის (ფსიქიკურ-ფსიქოლოგიური კონსტრუქცია) შეგრძნების სურვილით. სამართლის, როგორც რეგულატორის საწყისი არის ადამიანის სიცოცხლის, მისი განვითარების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და უფლებრივი უზრუნველყოფა.

სამართლის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური გააზრება გულისხმობს მის გაგებას, როგორც ქცევის წესთა ერთობლიობისა, რომელიც მოწოდებულია შექმნას კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთათვის უფლებრივი თანასწორობის პირობები და უზრუნველყოს ამ უფლებების რეალიზაცია, ამავდროულად დაიცვას ეს უფლებები ხელყოფისაგან, განახორციელოს უფლების ხელყოფის პრევენცია.

სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში ხშირია, როდესაც სამართალი ხდება კონკრეტულ პირთა, ადამიანთა ჯგუფის მიერ სხვა ადამიანთა ჯგუფის მიმართ გამოსაყენებელი იარაღი. იგი გვევლინება, როგორც კონკრეტული ჯგუფის ინტერესების განმახორციელებელი საშუალება. ერთი შეხედვით ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან პოლიტიკოსები თავიანთ რეფორმებს ახორციელებენ პირველ რიგში მოქმედი სამართლებრივი ნორმების შეცვლით, გაუქმებით, ახალი ნორმების შემოღებით.

რამოდენიმე სიტყვით დროის აღქმის შესახებ. დრო არის ის, რასაც ვერ ვეხებით, მაგრამ რასაც შევიგრძნობთ. დროის აღქმა და მისი დინების სიჩქარე სუბიექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვაგვარად აღვიქვავთ დროის დინებას. ნებიემიერ შემთხვევაში დრო არის მონაკვეთი რამოდენიმე მოვლენას შორის. პოლიტიკოსისათვის და მით უფრო ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) წევრისათვის. შესაბამისად ორი არსებითი მონაკვეთი პარლამენტარის ცხოვრებაში არის დრო მისი პარლამენტის წევრად არჩევასა და უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, ანუ პირობითად 4 წელი. ოთხი წელი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან მიმართებაში არც ისე მცირე დროა ეს არის მისი აქტიური (თვითრეალიზაციის თვალსაზრსით) ცხოვრების დაახლოებით მეათედი, ან მეთხუთმეტედი.

სამყაროში ყველაფერი ვითარდება და არსებობს ამ განვითარების ტენდენციები. განვითარების ტენდენციები თავის სათავეს იღებს ასევე ფილოსოფიური აზრის განვითარებიდან და მიმართულია ადამიანის, სიცოცხლის, მისი პიროვნული განვითარების, უსაფრთხოების, თავისუფალი გადაადგილების, ინტელექტუალური შემოქმედების და ზოგადად შემოქმედებითობისკენ, ადამიანთმოყვარეობისაკენ და სიყვარულისკენ, როგორც უზენაესი სიკეთისაკენ.

ადამიანისათვის, რომელიც არ ცდილობს გაიაზროს, შეიმეცნოს, დააკვირდეს მოვლენებს ფართო, განზოგადებულ ჭრილში, ჩემ მიერ ნათქვამი, შესაძლოა მხოლოდ სიტყვათა უაზრო კომბინაციად ეჩვენოს. ჩვენ გვახასიათებს ხვალინდელი დღის გარდაუვალი არსებობის ილუზია. ილუზია არ არის ის, რომ ხვალინდელი დღე იქნება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მასში თუ არა ეს საკითხავია.

სამართალი, მოქმედებს გარკვეულ სივრცეში, დროში და პირთა წრის მიმართ. სივრცესთან მიმართებაში შიდასახელმწიფოებრივი სამართალი მოქმედებს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, დროში – იმ დროის მონაკვეთში სანამ სამართლის ნორმა მოქმედია (ახალი ნორმის მიღებამდე ან არსებულის გაუქმებამდე), პირთა წრის მიმართ, იგულისხმება ფიზიკური და იურიდიული პირები. ჩემთვის, როგორც მოკვდავი არსებისათვის მეტად რელევანტულია დროის საკითხი, ჩემი სიცოცხლის სასრულობიდან გამომდინარე. და ამ დროში მოქმედი სამართალის, რეფორმების, ცვლილებების და ა.შ. მიზნობრიობა. რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენად არის ესა თუ ის სამართლის ნორმა თანადროული და ადამიანის სიცოცხლის, მისი განვითარების თვალსაზრისით, უფლებრივი დაცულობისა და რეალიზაციისკენ მიმართული.

თანამედროვე ქართულ რეალობაში, ჩემთვის სამწუხაროდ, პირთა რაოდენობა, რომელიც სამართალს აღიქვამს, როგორც ადამიანთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფელ საშუალებას ძალიან მცირეა. სამაგიეროდ ბევრია, ვინც მას აღიქვამს, როგორც იარაღს სხვასთან (არა საკუთარ თავთან და დაახლოებულ პირებთან) ბრძოლისათვის. კი მაგრამ, ვის ვებრძვით?

ადამიანი, თავისი ბუნებით უნიკალური ქმნილებაა, რომელსაც აქვს თვითგანვითარების, თვითსრულყოფის, აზროვნების, ინოვაციური ხედვის, სიყვარულის და მრავალი სხვა ნიჭი, თვისებები და უნარები. ადამიანები თანასწორნი არიან. ეს არის თეზა. ეს არის სამყაროს ტენდენცია, რომლის საწინააღმდეგოდ მიღებული ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი განწირულია დროში ხანგრძლივი არსებობისთვის.

ადამიანის, როგორც უზენაესი სოციალური, კულტურული, ფილოსოფიური სუბიექტის უგულვებელყოფა, მოკლებულია საზრისს.

როგორც ვხედავთ სამართლის ფილოსოფიური გააზრება გულისხმობს მის შესატყვისობას იმ წესებთან, რომლებიც ეფუძნება ადამიანის, როგორც სამყაროში არსებული უნიკალური ცოცხალი ორგანიზმის სრულყოფას და თავისუფლებას.

ამ გადმოსახედიდან და სამართლებრივი ნორმების თანადროულობასთან, მიზნობრიობასთან მიმართებაში აბსოლუტურად გაუგებარია საქართველოს სინამდვილეში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაწეული სამუშაოს დიდი ნაწილი და ამ სამუშაოზე დახარჯული დრო,

ხელისუფების, საზოგადოების, მედიისათვის სამართლის დანიშნულების მიზნობრიობის, თანადროულობის გააზრება აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანმა შესძლოს საკუთარი ერთი სიცოცხლის განმავლობაში იცხოვროს, განვითარდეს და რეალიზდეს შესაძლებლობების შესაბამისად და არა იარსებოს, გაუთავებელი გაუაზრებელი რეფორმებისა და ცვლილებების ცქერით მომავალი სიცოცხლის მოლოდინში, რომელიც იქნება ხვალ, მაგრამ შესაძლოა, უკვე მის გარეშე.