საკუთრების უფლება , შედარებით – სამართლებრივი კვლევა

საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და მნიშვნელოვანი უფლებაა,რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. თითოეული ადამიანისთვის,რომელიც არის რაიმე ქონების მესაკუთრე საინტერესო იქნება აღნიშნული სტატია,რადგან მასში განხილულია თუ რას გულისხმობს „საკუთრების უფლება”.

რა შეზღუდვები არსებობს მესაკუთრისათვის?როდის შეიძლება საკუთრების ჩამორთმევა და რის სანაცვლოდ?როგორ უნდა დაიცვას მესაკუთრემ თავისი საკუთრება სხვა,მესამე პირებისგან?როგორია აღნიშნული საკითხების რეგულირება უცხო ქვეყნების კანონმდებლობით?
ჩემი აზრით,ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩემ მიერ განხილული თემა საინტერესო და აქტუალური იქნება საზოგადოების ფართო წრისთის.

ძირითადი ნაწილი
საკუთრების უფლებაზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს საკუთრების უფლების შინაარსი:
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში იმპერატიულად აღნიშნულია: – „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით: „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.”
„საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ბუნებით უფლებას, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისუფლება. ეს არის უფლებათა ის კატეგორია, რომელიც ადამიანს მანამ გააჩნია, სანამ ცოცხალია და მთელი ქონებაც რომ წაართვან, იგი ამ უფლების მატარებელი მაინც დარჩება, რადგან საკუთრების უფლება ქონების შეძენის შესაძლებლობაა და არა თვით ეს ქონება”.1
რაც შეეხება საკუთრების დეფინიციას უცხო ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით ის შემდეგნაირია – იტალიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით : „მესაკუთრეს აქვს უფლება, საჯარო წესრიგით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებსა და მოვალეობათა შესრულების პირობით, ისარგებლოს ნივთებით და სრულად განკარგოს იგინი სხვა პირთა გამორიცხვით”.
საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კი საკუთრება არის-„ნივთებით სარგებლობის და განკარგვის უფლება მაქსიმალურად აბსოლუტური ხერხით, რომ სარგებლობა არ არის აკრძალული კანონებით”.2
აშშ-ს სამართლის მიხედვით კი მესაკუთრე უფლებამოსილია: ფლობდეს, განკარგავდეს, სარგებლობდეს ქონებით.აქვს უფლება გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი.აქვს უფლება გადასცეს ქონება მესამე პირებს და აქვს ნივთის უვადოდ ფლობის უფლება.
რუსეთის სამოქალაქო კოდექსისი მიხედვით: „მესაკუთრეს ეკუთვნის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებები საკუთარ ნივთზე”.
საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ნათლად ჩანს, რომ საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს- მფლობელობას,სარგებლობას და განკარგვას.
მფლობელობა ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა,რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად,მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
____________________________________________________________________________
1. ნადიბაიძე ლ., საკუთრების შეძენის სამართლებრივი საფუძვლები, თბ., მერიდიანი, 2002, გვ 6.
2. ჭეჭელაშვილი ზ., სანივთო სამართალი, თბ., 2010, გვ 96.
სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით.სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ ისარგებლოს თავისი საკუთრებით,ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია .

რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის დატვირთვას.მაგ: იპოთეკით დატვირთვა,სერვიტუტით დატვირთვა და სხვა.

მართალია საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა,მაგრამ ის არ არის სრულიად აბსოლუტური უფლება.მესაკუთრის უფლებამოსილება შეზღუდულია ან კანონით,ან ხელშეკრულებით.თითოეული სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად,ისე,რომ ამით ზიანი არ მიადგეს სხვას,მესამე პირს.საკუთრების უფლების გამოყენებით არ უნდა დაზარალდეს სხვა.აღნიშნული უფლება ბოროტად არ უნდა იქნეს გამოყენებული.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას,ის ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებ ფარგლებს.კერძოდ,საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინტერესისთვის,კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით.3

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 170-ე მუხლში არ არის ნახსენები საკუთრების შეზღუდვის ისეთი მექანიზმი,როგორიცაა -კანონი.

საკუთრების უფლების შეზღუდვის შემდეგ საფუძველს სწორედ რომ კანონი წარმოადგენს,კერძოდ კი-საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”. აღნიშნული კანონის მიხედვით ზუსტად არის განსაზღრული ის გარემოებები,როდესაც შესაძლებელია საკუთღების ექსპროპრიაცია.მაგ: მაგისტრალის გაყვანა და სხვა.ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ,რა თქმა უნდა, მესაკუთრისათვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ.

ანუ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ,რომ საკუთრება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება,რომელიც დაცულია მთელი რიგი ნორმატიული აქტებით,მაგრამ ის არ არის შეუზღუდავი და ფარგლებსგადასული უფლება.ისიც მოქცეულია გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში.

___________________________________________________________________________
3. ბესარიონ ბოხაშვილი,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი;თბილისი;2008წელი,გვ.366.

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს,როცა საკუთრების უფლების შეზღუდვა ხდება არა კანონით დაწესებული გარემოებების არსებობისას, არამედ მესამე პირების მიერ,ასეთ შემთხვევებში არსებობს საკუთრების უფლების დაცვის მთელი რიგი მექანიზმები.

საკუთრების უფლების დაცვის საშუალებებია – ნეგატორული და ვინდიკაციური სარჩელები.ვინდიკაცია გამოიყენება მაშინ,როცა მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა.ასეთ დროს ხდება სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მესაკუთრის მიერ.

რაც შეეხება ნეგატორულ სარჩელს ამ შემთხვევაში ნივთი იმყოფება მესაკუთრესთან,მაგრამ ხდება ხელშეშლა. ის ვერ ახერხებს საკუთარი საკუთრებით სარგებლობას,განკარგვას. ასეთ დროს, მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და მის მიერ დაწესებულ საკუთრების უფლების შეზღუდვის ფარგლებს ის შემდეგნაირია:

პირველ რიგში უნდა დადგინდეს არის თუ არა სახეზე კონვენციით გათვალისწინებული საკუთრების უფლება,შემდეგ არის თუ არა ეს უფლება შეზღუდული?

იმისთვის რომ დადგინდეს არის თუ არა სახეზე კონვენციით გათვალისწინებული საკუთრების უფლება უნდა გაირკვეს ჯდება თუ არა ის კონვენციის მოთხოვნებში.კონვენციის მიხედვით დაცვითი უფლებით სარგებლობს: მოძრავი ან უძრავი ქონება, ქონებრივი ან არაქონებრივი კაპიტალი,მესაკუთრის უფლება ქირის მიღებაზე,გარკვეული პროფესიით მუშაობის უფლება და სხვა.

მეორე რაც უნდა დადგინდეს ეს არის -არის თუ არა სახეზე საკუთრების უფლების შეზღუდვა? თუ დადგინდა,რომ სახეზეა შეზუდვა მაშინ უნდა დადგინდეს რამდენად დასაბუთებულია იგი,ანუ სახეზეა კანონიერი თუ უკანონო შეზღუდვა.

საკუთრების უფლების ნებისმიერი სახის ხელყოფა უნდა შეესაბამებოდეს საჯარო ინტერესს .

თუ ხელყოფა ხდება საჯარო ან საერთო ინეტერესიდან გამომდინარე ასეთ დროსაც სახეზე უნდა იყოს მესაკუთრის ინტერესების დაცვა და შესაბამისი,ადეკვატური კომპენსაციის გაცემა.

დასკვნა

აღნიშნული სტატიის მიხედვით შევეცადე გადმომეცა საკუთრების უფლების შინაარსი და დაცვის მექანიზმები საქართველოს და ევროპული კანონმდებლობის მიხედვით.კვლევიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას,რომ საკუთრების უფლების ფუნდამენტური,ძირეული საკითხები და დაცვის მექანიზმები არ მოდის ერთმანეთთნ წინააღმდეგობაში.თითოეულ მესაკუთრეს ეძლევა უფლება დაიცვას თავისი საკუთრება-ფლობდეს,სარგებლობდეს,განკარგავდეს მას,გარდა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების არსებობისას,რომლებიც სტატიაში იქნა განხილული.ასეთ შემთხვევაშიც მესაკუთრის უფლებები დაცულია და ის იღებს შესაბამის,ადეკვატურ კომპენსაციას.

საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართბაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

სამეცნიერო ლიტერატურა

1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე -სანივთო სამართალი; გამომცემლობა „სამართალი”, თბილისი, 1999 წელი.
2.საკუთრების შეძენის სამართლებრივი საფუძვლები,ნადიბაიძე ლ., თბილისი,2002 წელი.
3. სანივთო სამართალი,ჭეჭელაშვილი ზ., თბილისი, 2010 წელი.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; ბესარიონ ბოხაშვილი; თბილისი, 2008 წელი.
5. სანივთო სამართალი (შედარებით-სამართლებრივი კვლევა); ზურაბ ჭეჭელაშვილი;თბილისი; 2008 წელი.

ნორმატიული მასალა

1. საქართველოს კონსტიტუცია
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი