საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დღევანდელ საქართველოში ზოგადად ქონებისა თუ ბიზნესის რეგისტრაციის ფუნქციებს იუსტიციის სამინისტროს  დაქვემდებარებული სტრუქტურა – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ანუ საჯარო რეესტრი ახორციელებს.

რომელიც 2004 წელს შეიქმნა და მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, რომლის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს უტყუარობა, გამჭირვალეობა, სიმარტივე, კომფორტი, ეფექტურობა და ა.შ.
რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის მონაცემები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა და ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ვალდებულებათა, იურიდიული ფაქტების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე შემდეგი უფლებები:

ა)საკუთრება;
ბ)იპოთეკა;
გ)აღნაგობა;
დ)უზუფრუქტი;
ე)სერვიტუტი;
ვ)ქირავნობა, ქვექირავნობა;
ზ)იჯარა, ქვეიჯარა;
თ)თხოვება.

რეგისტრაცია გულისხმობს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების ასახვას.
სარეგისტრაციო წარმოება გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს საქმიანობას უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე მასზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, შესაბამის რეესტრში მონაცემთა აღრიცხვის მიზნით.
სარეგისტრაციო წარმოების ენაა – ქართული.
სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება ან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო აქტით დაკისრებული ვალდებულება _ მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ სარეგისტრაციო წარმოება უნდა დასრულდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევაში, დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს პირადად ან ფოსტის მეშვეობით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მოქალაქემ საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
2. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. სათანადო წესით დამოწმებული ხელშეკრულება;
4. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მომსახურების საფასურის გადახდა შესაძელებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე არის დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ მან დამატებით უნდა წარმოადგინოს სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმნეტის ასლი.

მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცა ხდება ასევე იუსტიციის სახლში . და საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
2. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
3. ყველა პარტნიორის/დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული შეთანხმება/წესდება.
4. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციაში იგულისხმება სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა.
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საწარმოო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორცილედება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
მართლზომიერება-გულისხმობს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედების ვალდებულებას. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამართლის ნორმებს.
არაერთჯერადი-გულისხმობს საქმიანობას სისტემატურად და გეგმაზომიერად.
მოგების მიღების მიზანი– მეწარმე სუბიექტის მიზანი არის მოგების მიღება; პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობით სუბიექტმა რეალურად მიიღო თუ არა მოგება, მთავარია მოგების მიღების განზრახვა.
დამოუკიდებლობა-გულისხმობს სამართლებრივ დამოუკიდებლობას, საკუთარი სახელით უფლება-მოვალეობების შეძენასა და განხორციელებას.
ორგანიზებულობა-გულისხმობს რეგისტრაციას კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი სამართლებრივი ფორმით.
ცნობილია, რომ რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტები არიან:
1. ინდივიდუალური მეწარმე;
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
4. სააქციო საზოგადოება;
5. კომანდიტური საზოგადოება;
6. კოპერატივი;
7. არასამეწარმეო იურიდიული პირი
8. უცხოური საწარმოს და არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი;
9. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –რელიგიური გაერთიანება

2011 წელს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, შესაძლებელი გახდა რელიგიური ორგანიზაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნება. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულებების თანახმად, მიუხედავად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსისა, რელიგიურ ორგანიზაციებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით არასამეწარმეო იურიდიული პირის მიმართ დადგენილი წესები. აქედან გამომდინარე, დღევანდელი რეგულირებით რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მსგავსად, შეუძლია ერთ ფიზიკურ პირსაც.
სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას, შესაბამისად, საქმიანობის დასაწყებად რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ დამატებით რაიმე პროცედურის გავლა არ არის აუციელებელი.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია
მომსახურება განკუთვნილია ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც სურთ დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალქეს და მოქალაქეობის არმქონე პირებს. ამ შემთხვევაში წარსადგენად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თუ სააგენტოს გადაწყვეტილება დადებითია, მომხარებელზე გაიცემა
1. ამონაწერი;
2. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციასთან ერთად მოთხოვნილი იყო კვების პროდუქტების მწარმოებელ/ დისტრიბუტორ/ რეალიზატორ საწარმოდ რეგისტრაცია, სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება კვების პროდუქტების მწარმოებელ/ დისტრიბუტორ /რეალიზატორ საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ.

მეწარმე და არასამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაცია
მომსახურება განკუთვნილია დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც სურთ დააფუძნონ მეწარმე და არასამეწარმეო იურიდიული პირი. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს (საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი)ისე უკვე რეგისტრირებულ (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ)იურიდიულ პირებს, ასევე სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.
იურიდიული პირების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასურის გადხდით.

სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია
საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესს, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას, მეწარმეათა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისრტაციას ექვემდებარება სუბიექტის შესახებ შემდეგი მონაცემები:
1. საფირმო სახელწოდების ცვლილება
2. პარტნიორის ცვლილება
3. წილის ცვლილება
4. ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილება
5. ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების ცვლილება
6. იურიდიული მისამართის ცვლილება
7. სადამფუძნებლო დოკუმენტების ცვლილება
8. წილზე გირავნობის ცვლილება
9. წესდების ცვლილება
აღნიშნულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება აღნიშნული მონაცემების ცვლილებების დამადასტურებელი, კანონით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მაგალითად:
თუ საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმებით გათვალისწინებულია წილის გასხვისების ან მისი უფლებრივი დატვირთვისთვის საზოგადოების პარტნიორთა კრების თანხმობა, შესაბამისად წილის გასხვისების ან უფლებრივი დატვირთვისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს სავალდებულო წესით უნდა წარედგინოს საზოგადოების პარტნიორთა თანხმობის გამომხატველი დოკუმენტი. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმება ითვალისწინებს საზოგადოების პარტნიოირის მიერ წილის გაყიდვის შემთხვევაში დანარჩენ პარტნიორთა მიერ გასაყიდი წილის უპირატესი შესყიდვის უფლებას, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს პარტნიორთა მიერ ზემოაღნიშნული უფლების გამოყენების ან მასზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მაგალითად:
სამშენებლო ბიზნესის წარმოება კანონით აკრძალული არ არის, თუმცა მისთვის აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ასევე არ არის აკრძალული კვების პროდუქტებით ვაჭრობა, თუმცა ამგვარი საქმიანობა საჭიროებს რეესტრში კვების პროდუქტების რეალიზატორ საწარმოდ რეგისტრაციას.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა გარდა კანონით დადგენილი წესით გასადუმლოებული მონაცემებისა.
დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფრომაცია რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტების შესახებ, მათი რეგისტრაციის დღიდან განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების და მათ საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის შესახებ.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ინფორმაციის გაცემისთვის საფასური გადაიხდევინება ერთეულ სუბიექტზე, გარდა სუბიექტის სამართლებრივი ფორმის, საიდენტიფიკაციო კოდისა და საფირმო სახელწოდების შესახებ ინფორმაციისა.
მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან მზადდება სხვადასხვა რეესტრებში დაცული მონაცემების საფუძველზე. ის შეიცავს:
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის;
2. საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის;
3. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის;
4. მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრისა;
5. მოვალეთა რეესტრის მონაცემებს.

ამონაწერის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს მომსახურების ოფისსა და ავტორიზებულ პირთან, ისე ელექტრონულად, მარეგისტრირებელ ორგანოში მისვლის გარეშე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

წინამდებარე სტატია მომზადებულია ნელი ჩაჩაურისა და თინათინ ადამაშვილის მიერ.