პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის

სამოქალაქო სამართალში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დელიქტური ვალდებულებანის მეორე თავი შეეხება პასუხისმგებლობას უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის.

თავდაპირველად განვმარტოთ, თუ რა არის პროდუქტი. პროდუქტია ყველა მოძრავი ნივთი და ამ ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. „პროდუქტი” ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.

პროდუქტი ითვლება უხარისხოდ, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან. უსაფრთხო პროდუქტად ითვლება, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისიანობის დაცვისას არ შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს. პროდუქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ უხარისხოდ, თუ მოგვიანებით უკეთესი პროდუქტი იქნა ბრუნვაში გაშვებული.

უხარისხო პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის. არ აქვს მნიშვნელობა იმას, იმყოფებოდა თუ არა მწარმოებელი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან. მწარმოებელი არაა პასუხისმგებელი აანაზღაუროს ზიანი როცა:

• მას ეს პროდუქტი არ გაუტანია სარეალიზაციოდ.
• საქმის გარემოებათაგან გამომდინარე, შეიძლება იმის ვარაუდი, რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტს არ ჰქონდა სარეალიზაციოდ გატანისას.
• მწარმოებელს პროდუქტი არ უწარმოებია არც გასაყიდად ან სხვა კომერციული მიზნით, არც თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
• პროდუქტს აქვს ნაკლი, რომელიც სარეალიზაციოდ მისი გატანისას შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ნორმებს, ანდა
• შეუძლებელი იყო ნაკლის აღმოჩენა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანის დროს.
• ნაკლი გამოწვეულია იმ პროდუქტის კონსტრუქციით, რომლის შემადგენელიც გახდა ეს ნაწილი.
მწარმოებლის ზიანის ანაზღაურების მოვალეობა მცირდება ან საერთოდ გამოირიცხება, თუ ზიანის დადგომა გამოიწვია დაზარალებულის ან მის ნაცვლად პასუხისმგებელი პირის ბრალეულმა ქმედებამ. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ მცირდება, თუ ზიანი გამოწვეულია პროდუქტის ნაკლით და იმავდროულად მესამე პირის მოქმედებით.
უხარისხო პრდუქტი, რომელიც გამოიწვევს გარდაცვალებას, სხეულის ან/და ჯანმრთელობის დაზიანებას პროდუქტის მწარმოებელი პასუხისმგებელია აანაზღაუროს ზიანი.
მნიშვნელოვანია განვმარტოთ, თუ ვინ ითვლება მწარმოებლად. მწარმოებლად მიიჩნევა პირი, ვინც აწარმოვა საბოლოო, ძირითადი ელემენტი ან პროდუქტის ნაწილი. მწარმოებლად ითვლება ასევე ყველა, ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით გამოდის, როგორც მწარმოებელი.
თუ მწარმოებლის მიკვლევა შეუძლებელია, თუნდაც პროდუქტზე მითითებული იყოს მისი სახელი, პროდუქტის ბაზარზე ფაქტობრივად განმათავსებელი ითვლება ამ პროდუქტის მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში ატყობინებს დაზარალებულს მწარმოებლის ან იმ პირის ადგილსამყოფელს, რომელმაც მას პროდუქტი მიაწოდა.
ზიანის დადგენის მტკიცების ტვირთი დაზარალებულს ეკისრება. დაზარალებული ასევე ვალდებულია დაამტკიცოს წუნდებულ პროდუქტსა და მიყენებულ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი.
თუ რამდენიმე მწარმოებელია პასუხისმგებელი მიყენებული ზიანისათვის ისინი პასუხს აგებენ სოლიდარულად.
არ შეიძლება წინასწარ გამოირიცხოს ან/და შეიზრუდოს მწარმოებლის პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქტისათვის. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება არის ბათილი.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც აქვს თუ არა მყიდველს უფლება მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება მაღაზიას უხარისხო პროდუქტისათვის. ამ შემთხვევაში დაზარალებულმა ზიანის ანაზღაურება უნდა მოსთხოვოს მაღაზიას, თუ უხარისხო პროდუქტი (მაგ: ვადაგასული) მაღაზიაში არის გაყიდვაში. მაღაზია არის პასუხისმგებელი, რადგან რეალიზაციას უკეთებდა უხარისხო პროდუქტს. მყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მაღაზიას ზიანის ანაზღაურება. აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, როდესაც თავად მიმწოდებელი აწვდის მაღაზიას უხარისხო პროდუქტს და ამის შესახებ მაღაზიამ არ იცის. დაზარალებული, რომელიც უჩივის მაღაზიას უხარისო პროდუქტისათვის და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, მაღაზიამ უნდა დააკმაყოფილოს იგი. მაღაზიას თავის მხრივ აქვს მოთხოვნის უფლება (რეგრესის წესით) მწარმოებელის მიმართ იმ თანხის ოდენობით, რომელიც მან აუნაზღაურა დაზარალებულს, რადგან მაღაზიას მიაწოდა უხარისხო პროდუქტი. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი.
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს თავისი უფლებები და მისი დარღვევის შემთხვევაში მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.
ქეთი როსტომაშვილი