სესხის ხელშეკრულება და ფორმის დაუცველობის სამათლებრივი შედეგები

სესხის ხელშეკრულება სამართლებრივ ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპის ხელშეკრულებაა. სტატისტიკური მონაცემები სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავების შესახებ ცხადყობს თუ რაოდენ აქტუალურია ეს საკითხი დღევანდელ პრაქტიკაში. საქართველოში ფულის სესხება პრობლემას არ წარმოადგენს. არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული თანხა აქვთ და პროცენტის გზით შემოსავლის გაზრდა სურთ, ამასთანავე მრავლად არიან ვალის აღების მსურველებიც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოგების მიღების ნაცვლად გამსესხებლებს გასესხებული თანხა ეკარგებათ. ძირითად პრობლემას საქართველოში კანონმდებლობის უცოდინრობა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი საზოგადოების მიერ, იმ ნორმების უგულებელყოფა, რომელიც სესხის ხელშეკრულების ფორმას ეხება.

შესაბამისად, როდესაც საუბარია ასეთ მაღალ რისკებზე საინტერესოა გავარკვიოთ თუ როგორ ხდება სასესხო ურთიერთობების რეგულირება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით და რა მოთხოვნები უნდა დავიცვათ სესხის ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით.
სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ ეს ხელშეკრულება არის ცალმხრივი და რეალური ხასიათის. ცალმხრივია იმდენად რამდენადაც მისი მონაწილეებისაგან მხოლოდ ერთი მხარე კისრულობს განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულებას. ესაა მსესხებლის მიერ სესხად მიღებული ფულის ან გვაროვნული ნივთის უკან დაბრუნება, მეორე მხარეს კი შესაბამისი უფლება გააჩნია მსესხებელისაგან მოითხოვოს ნასესხების უკან დაბრუნება, ამიტომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა გამსესხებელი ფულს ან გვაროვნულ ნივთს გადასცემს მსესხებელს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას. შეთანხმებასთან ერთად აუცილებელია სესხის საგნის გადაცემაც, სწორედ ამიტომა ითვლება, რომ სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა.
სესხის ხელშეკრულებაში არსებითად მნიშვნელოვანი არის სესხის ხელშეკრულების ფორმის საკითხი. იმისათვის, რომ სესხის ხელშეკრულება ნამდვილად ჩაითვალოს აუცილებელია დაცული იქნეს კანონით განსაზღვრული ფორმა. სამოქალაქო კოდექსის ერთგვარი სითამამე და რისკია ის, რომ ფორმის მიხედვით სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს ზეპირი და ასევე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში - წერილობითიც. სწორედ ფორმის საკითხი იწვევს ხშირად გაუგებრობას, რაც შემდგომში სასამართლო დავებში გადადის. თითქოს მარტივი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პრობლემის განხილვისას, როდესაც გამსესხებელს მართლაც აქვს გაცემული სესხი და სასამართლო გზით მის უკან დაბრინებას ითხოვს, მტკიცებულებებისა და წერილობითი დოკუმენტების არ არსებობი გამო, სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების გამოტანა უჭირს. ამის მიზეზი კი მარტივია - გამსესხებელს პრობლემას უქმნის ვალის გაცემის ზეპირი ფორმა.
სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მაგრამ უშვებს ალტერნატივასაც. მხარეთა შეთანხმებით, სესხის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს წერილობითი ფორმით. რეალურად სახეზე გვაქვს ფორმათავისუფალი ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადება ნდობის ხარისხზეა დამოკიდებული. კერძოდ, მხარეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული სესხის ხელშეკრულება დადონ მარტივი წერილობითი ფორმით თუ დაამოწმონ სანოტარო წესით. ამ შემთხვევაში პრიორიტეტული ის სამართლებრივი შედეგებია, რომელმაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას ორივე მხარეს. პრობლემის სათავე იმაში მდგომარეობს, რომ ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. ზეპირი ფორმით გაცემული სესხისას, გამსესხებელი ხშირად ვერ ასაბუთებს სესხის გაცემის ფაქტს, რის გამოც სასამართლოს პრობლემა ექმნება და ხშირად მოთხოვნაზე უარის თქმა უწევს. ანუ, თუკი გამსესხებელი ამბობს, რომ მან მეორე მხარესთან ზეპირი ფორმით გააფორმა სესხის ხელშეკრულება, იგი ვალდებულია ეს ამტკიცოს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი, მხოლოდ მოწმის ჩვენებას სასამართლო ვერ დაეყრდნობა. თუმცა აქვე საინტერესოა, რომ სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმის არსებობის ფარგლებშიც შესაძლებელია პრობლემის თავიდან აცილება, კერძოდ, როდესაც მხარეები, სიმარტივიდან გამომდინარე, მაინც ზეპირ ფორმას ირჩევენ, გამსესხებელმა უნდა იზრუნის იმაზე, რომ როდესაც თანხას გასცემს, იქვე წერილობით დაადასტურებინოს თანხის მიღება. აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარებში აღნიშნულია, რომ ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად, მოწმეთა ჩვენებები საკმარისი არ არის და აუცილებელია მსესხებლის სავალო ხელწერილი ან სხვა რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება მსესხებლისათვის განსაზღვრული ფულადი თანხის ან სხვა ნივთის გადაცემის ფაქტი. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მოწმეთა ჩვენებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ისინი მხედველობაში მიიღება, მაგრამ მარტო ასეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ შეიძლება არა მარტო მსესხებლის მიერ სესხის მიუღებლობის ან არასრულად მიღების დადგენა, არამედ გამსესხებლის მიერ ამა თუ იმ პირისათვის სესხის გადაცემის ნამდვილობის განსაზღვრაც, ვინაიდან წერილობითი მტკიცებულებანი წარმოადგენს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის უტყუარ საფუძველს.
პრაქტიკაში კანონის ამ მოთხოვნას თითქმის არავინ ითვალისწინებს. რეალურად ამის მიზეზი არა მხოლოდ კანონმდებლობის უცოდინრობა, არამედ ხშირ შემთხვევაში მენტალური პრობლემაა. ადამიანები შეურაცხყოფად აღიქვამენ ხელწერილი ჩამოართვან პირს, რომელიც მათი მეგობარი, ახლობელი, მეზობელი ან უბრალოდ კარგი ნაცნობია. საზოგადების დიდი ნაწილი უბრალოდ ბრმად ენდობა მსესხებელს და მის კეთილსინდისიერებას, ხოლო როდესაც რეალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება მას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია დაამტკიცოს სიმართლე. ეს ადამიანები ხშირად სამართალდამცავებსაც კი ადანაშაულებენ და მოსამართლეს, რომელიც რეალურად ვერ წყვეტს პრობლემას მათ სასარგებლოდ, მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივმა ხელშეკრულებამ შესაძლოა დიდი პრობლემის წინაშე დაგვაყენოს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მოწმის ჩვენებისა, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს სესხის ხელშეკრულების დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებად, სიმართლის დასამტკიცებლად არ გამოგვადგება არც ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. მაშასადამე, პრობლემის თავიდან აცილების ერთადერთი სწორი გზაა, რომ გვერდზე გადავდოთ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მენტალური სტერეოტიპები და უკეთ გავეცნოთ კანონმდებლობას. ამ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ერთადერთ სწორ გზად მიიჩნევს სესხის ხელშეკრულება გაფორმდეს წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება, მხარეთა სურვილის შემთხვევაში შეიძლება დამოწმდეს ნოტარიალურად. თუმცა სესხის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და ხელშეკრულების ნამდვილობიათვის სავსებით საკმარისია მხარეთა ხელმოწერა. ამასთანავე კანონმდებლობა გვთავაზობს პრობლემის თავიდან აცილების გამარტივებულ გზას. კერძოდ, მხარეებმა ხელწერილით დაადასტურონ თანხის გადაცემისა და მიღების ფაქტები. ამ შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ იმ გართულებებს, რამაც რეალურად შეიძლება არა მხოლოდ სამართლებრივი და ფინანსური, არამედ პირადი ხასითის (გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ურთიერთობის გაფუჭბა) პრობლემებიც შექვიქმნას.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ფარგლებში სულ რამდენიმე ნორმითაა რეგულირებული, ძალზედ დიდია ამ ხელშეკრულების როლი ყოველდღიურ (პრაქტიკულ) სამართლებრივ ურთიერთობებში. ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან სამართლებრივ რისკიბთან და ხშირად ამ სფეროში, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხის უცოდინრობამ შესაძლოა მხარეები სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს. ამდენად, აუცილებელია სესხის ხელშეკრულების ორივე მხარე, რომლებიც კისრულობენ ამ ხელშეკრულებიდან გამომდეინარე უფლება-მოვალეობებს, აცნობიერებდნენ ხელშეკრულების შინაარსს, მათ პასუხისმგებლობას, რისკებს და იცნობდნენ იმ თავისებურებებსა და სპეციფიკას, როლითაც სესხის ხელშეკრულება ხასიათდება.

თამარ რევია

 

 

სიახლეები:

5 მარტს 18 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის კლინიკის
პრეზენტაცია!

ამუშავდა ონლაინ კონსულტაციის სისტემა!

მიმართვა

iliauni1