გადაზიდვის ხელშეკრულების თავისებურებანი

ცივილიზებული საზოგადოების არსებობა ტრანსპორტის გარეშე შეუძლებელია. ტრანსპორტი ეკონომიკური საქმიანობის ნაწილია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან საქონლის (ტვირთის) ან ადამიანთა გეოგრაფიული ადგილის შეცვლის გზით. საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვები კვლავაც რჩება ქვეყანაში საინვესტიციო საქონლის შემოტანის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ, ასევე ასრულებენ ძირითად

როლს მოსახლეობის სურსათით და სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლით მომარაგებაში. ტრანსპორტის ქსელის გაფართოება ხელს უწყობს ჩამორჩენილი რაიონების ეკონომიკურ აღმავლობას, სხვა რაიონების კულტურის კერებთან დაკავშირებასა და დაახლოებას.
საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ძირითად მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი. მისი დანიშნულებაა მსოფლიოს სხვადასხვა ბიზნეს-სტრუქტურებს შორის კავშირის დამყარება კოოპერაციის და კოორდინაციის, საერთაშორისო კონვენციებისა და სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე.
ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ამ სფეროში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, რომელიც არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია: სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას და ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება, ტექნიკური რეგლამენტის შესრულების ზედამხედველობა.
ტრანსპორტი შეიძლება წარმოვიდგინოთ ორი ქვესისტემის სახით: საერთო სარგებლობის ტრანსპორტი, რომელიც მომხმარებელს აწვდის სხვადასხვა სახის პროდუქციას და არასაერთო სარგებლობის ტრანსპორტი, რომელიც მასალებსა და სხვა სახის ნედლეულის მიმოქცევის საშუალებაა, რომელსაც არა აქვს მიღებული საბოლოო პროდუქციის სახე და არის მოქცეული მიმოქცევის სფეროში.
საერთო სარგებლობის ტრანსპორტის სახეებია: სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო, საჰაერო და მილსადენი ტრანსპორტი. თითოეული ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული გადაზიდვა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკით და რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით. მაგალითად, საჰაერო ხომალდით განხორციელებული გადაზიდვა სამართლებრივად წესრიგდება საჰაერო კოდექსით; საზღვაო გადაზიდვები – საზღვაო კოდექსით; საავტომობილო გადაზიდვები – საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონით. ამასთან, ტრანსპორტის ყველა სახისათვის მოქმედებს საერთაშორისო კონვენციები და ხელშეკრულებები. აღნიშნული სამართლის წყაროები სარგებლობენ უპირატესობით ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებაში, თუ საქართველო მიერთებულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან.
საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება:
ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრების შიგნით მდებარე პუნქტებს შორის;
ბ) საქონლის მილსადენით და ელექტროგადამცემი ხაზით გადაადგილება.
საქართველოში მოქმედებს შემდეგი საერთაშორისო კონვენციები:
ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ;
კონოსამენტის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ 1924 წლის საერთაშორისო კონვენცია “ჰააგა-ვიზბის წესები”;
ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ გაეროს 1978 წლის კონვენცია “ჰამბურგის წესები”.
ინკოტერმსი (International Commercial Terms, ქართულად: საერთაშორისო სავაჭრო ტერმინები) არის საერთაშორისო ვაჭრობაში აღიარებული მთელი რიგი ტერმინებისა, რომლებიც, ფაქტობრივად, სავაჭრო ტრადიციებისა და პრაქტიკის საფუძველზე შეიქმნა. საერთაშორისო სავაჭრო ტერმინების, ანუ, როგორც მას სახელშეკრულებო პრაქტიკაში შემოკლებით უწოდებენ, „ინკოტერმს”-ის ტერმინები მოწოდებულია მოახდინოს საერთაშორისო ნასყიდობისა და გადაზიდვების ხელშეკრულებათა ძირითადი პირობების ჰარმონიზება.
TIR კარნეტი – საერთაშორისო საბაჟო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ყველა საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის საერთაშორისო გარანტიის არსებობას და უზრუნველყოფს საბაჟო პროცედურების გამარტივებასა და დაჩქარებას საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვისას; საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების დოკუმენტით, საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გადასაზიდად არ არის საჭირო რაიმე ზედმეტი დოკუმენტაციის წარდგენა, ვინაიდან TIR -კარნეტს/წიგნაკს აქვს საბაჟო დეკლარაციის ძალა.
TIR -კარნეტის მოქმედი კონვენცია მიღებულ იქნა 1975 წლის 14 ნოემბერსGჟენევაში, ხოლო საქართველო 1994 წლის 24 სექტემბრიდან მიუერთდა ამ კონვენციას (რატიფიცირების გარეშე). ეს კონვენცია აწესრიგებს წევრ-ქვეყნებს შორის საერთაშორისო საგზაო გადაზიდვებს როგორც საბაჟო, ასევე ტექნიკური პროცედურების კუთხით. კერძოდ, კონვენციის დებულებები აიოლებენ და ამარტივებენ საბაჟო გაფორმების პროცედურებს კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებში საავტომობილო ტრანსპორტით საქონლით გადაზიდვების დროს. ეს ეხება როგორც საქონლის დათვალიერებას, დოკუმენტების შემოწმებას, ასევე, საბაჟო გადასახდელების გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფას. TIR -კარნეტის სისტემა 4 ძირითადი სტრუქტურული ერთეულისაგან შედგება. კერძოდ:
1. საბაჟო გადასახდელებზე საერთაშორისო გარანტიები;
2. TIR -ის შესაბამისი წიგნაკი (კარნეტი);
3. საბაჟო კონტროლის პრინციპების ურთიერთცნობა;
4. სატრანსპორტო საშუალებების (კონტეინერების) სტანდარტულობა და უსაფრთხოება
TIR -კარნეტით საქონლის გადაზიდვა, როგორც წესი, ხორციელდება საავტომობილო ტრანსპორტით შუალედური გადატვირთვის გარეშე. წევრი ქვეყნის გამომგზავნი საბაჟოდან წევრი ქვეყნის დანიშნულების საბაჟომდე საქონლის ტრანსპორტირება შესაძლებელია არა მხოლოდ საავტომობილო, არამედ საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო ტრანსპორტით. თუმცა TIR -კარნეტის აუცილებელი პირობა ის არის, რომ მთელი გზის გარკვეულ ნაწილზე საქონლის ტრანსპორტირება აუცილებლად საავტომობილო ტრანსპორტით უნდა ხდებოდეს. TIR -კარნეტით გადაადგილებული საქონელი თავისუფლდება საბაჟო გადასახდელებისაგან შუალედურ საბაჟოებში (საუბარია ტრანზიტულ მოძრაობაზე). ეს საქონელი თავისუფლდება აგრეთვე შესაბამისი დეპოზიტის (გარანტიის) დადებისაგან. ეს პირობები მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საბაჟო გადასახდელების გადასახდელი თანხა აღემატება საგარანტიო უზრუნველყოფის თანხას.
TIR -ის წიგნაკის შესაბამისი ფურცლები, რომლებშიც დაფიქსირებულია სატრანსპორტო საშუალებებისა და კონტეინერების სადენტიფიკაციო მონაცემები, უნდა დარჩეს ტრანზიტის ქვეყნის შემოსასვლელ და გასასვლელ საბაჟო ორგანოებში, რაც იძლევა სატრანსპორტო საშუალებების (კონტეინერების) გადაადგილების კონტროლის საშუალებას. TIR -ის წიგნაკი გაიცემა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან თითოეულ კონტეინერზე. ერთი TIR -ის წიგნაკი ერთ გადაზიდვაზეა მოქმედი. TIR -ის წიგნაკის მოქმედება ჩერდება გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც ეკუთვნის TIR -ის კონვენციის არამონაწილე ქვეყანას და აღდგება TIR -ის კონვენციის მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ პირობით, თუ ლუქები, ბეჭდები და შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნები დარღვეული არ არის. ამასთან დასაშვებია, რომ TIR -ის წიგნაკში მითითებული თავდაპირველი დანიშნულების ქვეყანა შეიცვალოს სხვა დანიშნულების ქვეყნით. შუალედური საბაჟო ორგანოები ცნობენ შესაბამისი მონაწილე ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ დადებულ ლუქებს, ბეჭდებს და სხვა საიდენტიფიკაციო საშუალებებს. ამას გარდა, ზემოაღნიშნული მძიმეწონიანი და დიდგაბარიტიანი ტვირთების შემთხვევაში, შუალედურ საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ უშუალოდ დაადონ სათანადო საქონელს საიდენტიფიკაციო საშუალებები. TIR -კარნეტის კონვენციის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ტრანზიტის ოპერაციის განხორციელების დროს შესაძლებელია წარმოიშვას გარკვეული უთანხმოებები და გაურკვევლობები. ეს დავები უნდა გადაიჭრას მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.
იმ შემთხვევაში, თუ კონვენციის შესაბამისი მუხლებისა და დებულებების განსხვავებული ინტერპრეტაციის გამო ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა, მაშინ ერთ-ერთი მხარის თხოვნით საქმე გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს. დავის თითოეულ მონაწილეს დაეგზავნება მოთხოვნა მათ მიერ დასანიშნი არბიტრის შესახებ. თუ დავის მონაწილე მხარემ მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში არ დანიშნა თავისი არბიტრი, მაშინ დავის მონაწილეს უფლება აქვს მიმართოს თხოვნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რათა მან დანიშნოს შესაბამისი არბიტრი. ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეების მიერ დანიშნული არბიტრები ვერ ირჩევენ თავმჯდომარეს. ამ შემთხვევაში გაეროს გენერალური მდივანი უფლებამოსილია დანიშნოს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე.
დღეისათვის სამეწარმეო ურთიერთობების ძირითად ბაზისს ხელშეკრულება წარმოადგენს. ნებისმიერი საწარმოს კომერციული გეგმის რეალიზაცია შეუძლებელია გარიგებისა და ხელშეკრულების გარეშე. იყო მეწარმე, განახორციელო სამეწარმეო საქმიანობა და არ დადო ხელშეკრულება – უბრალოდ წარმოუდგენელია.
ტვირთების გადაზიდვას ყოველთვის წინ უსწრებს შეთანხმების მიღწევა ხელშეკრულების ძირითად პირობებზე, როგორიცაა ვადები და ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო სატრანსპორტო ერთეულების ოდენობა, ასევე ტვირთის მოცემულობა და მისი თვისებები. სამოქალაქო კოდექსი პირს, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვას, ავალებს დადოს ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება. ასეთი შეთანხმების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე რაციონალურად და ეკონომიურად იქნეს გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი კისრულობს ვალდებულებას მიიტანოს გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი დანიშნულების ადგილზე და გადასცეს იგი ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილ პირს. ხოლო გამგზავნი ვალდებულია გადაიხადოს გადაზიდვის საფასური.
ფრახტის (ჩარტერის) ხელშეკრულების საფუძველზე, ტვირთის გადამზიდავი ან გამფრახტველი ვალდებულებას იღებს გადაზიდოს ტვირთი და ჩააბაროს იგი მიმღებს, ხოლო გამგზავნი ან დამფრახტველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს გადაზიდვის ღირებულება (ფრახტი).
ჩარტერის დროს ხდება ერთ ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების მთლიანი ტევადობის ან მისი ნაწილის გამოყოფა ერთი ან რამდენიმე რეისით. შესაბამისად, გადაზიდვის სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებად გვევლინებიან: ტვირთგამგზავნი, გადამზიდავი ფირმები და ტვირთმიმღები. “მიმღები” არის ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირი. ამასთან, მიმღები შეიძლება თავად იყოს ტვირთის გამგზავნი.
გადამზიდავი ფირმები ფლობენ სატრანსპორტო საშუალებას და სახელმწიფო ნებართვის საფუძველზე ახორციელებენ გადაზიდვას. ნებართვას იძლევა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ან თვითმმართველი ქალაქის უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ნებართვის გაცემის წესი დგინდება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალება კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს რეგისტრირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში საექსპლოატაციოდ არ დაიშვება.
სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელი მძღოლები გზებზე ტვირთის გადაზიდვის დროს ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება.
გადაზიდვის ხელშრეკრულების ფორმები:
სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი გარიგებისათვის კანონით არ არის განსაზღვრული სპეციალური ფორმა, 68-ე მუხლით დეკლარილებულია მხარეთა უფლებამოსილება – თვითონ განსაზღვრონ იგი.
თუ არ არის დაცული კანონით გათვალისწინებული ფორმა, ნების გამოვლენა არ არსებობს. ფორმა არ არის თვითმიზანი, არამედ სხვადასხვა მიზნის მიღწევის საშუალებაა და განპირობებულია ამ მიზნებით. ფორმის მიზნებია: გარიგების დადების სიცხადე, მისი შინაარსის სიცხადე, მტკიცების გამარტივება და სხვ.
გადაზიდვის ხელშეკრულებები მათი ფორმების მიხედვით შეიძელება დავყოთ შემდეგ ტიპებად:
1) ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებები, რომლებიც ფორმდება ზედნადების ან კონოსამენტის სახით (ეს არის კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის რეალური ხელშეკრულებები);
2) ხელშეკრულებები, რომლებშიც ოფერტის აქცეპტირება ხდება კონკლუდენტური ქმედებებით (სატრანსპორტო ორგანიზაციის მიერ განცხადების ან სხვა შეკვეთის მიღება ტვირთის გამგზავნისგან ტვირთის გადასაზიდად ტრანსპორტის გამოყოფის თაობაზე); და
3) ხელშეკრულებები, რომლებიც იდება საერთო წესით.
გადაზიდვის ხელშეკრულების ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ზედნადები. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზების ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმებით, რომლებითაც გადაზიდვის ხელშეკრულება წესრიგდება.
ზედნადები წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება. ზედნადები გამოიწერება 3 ეგზემპლარად. პირველი პირი გადაეცემა გამგზავნს, მეორე პირი თან ახლავს ტვირთს, მესამე პირი რჩება გადამზიდავთან. ზედნადები წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულების დადების, მისი პირობების, გადამზიდვლის მიერ ტვირთის მიღების მტკიცებას – პრიმა ფაციე.
ჩვენ ვხვდებით ზედნადების ოთხ ტიპს, ესენია: სახმელეთო ანუ CMR, საზღვაო ანუ კონოსამენტი, საჰაერო ანუ ავია ზედდებული და სარკინიგზო. ამ ზედდებულების საფუძველზე გადამზიდავი ფირმები წერენ სატრანსპორტო ინვოისს, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მხარეებს შორის ანგარიშსწორება და საბაჟოზე საქონლის გაფორმება.
გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა ის საბუთი, რომელიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საბაჟო და სხვა მსგავს მოქმედებათა შესასრულებლად ან გადასცეს ეს საბუთები გადამზიდველს და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია.
ზედნადები ადასტურებს უმნიშვნელოვანეს მონაცემებს (კოდექსის 674-ე მუხლი), რომლებიც ეხება ტვირთის გადატანას. ზედნადების მონაცემები სწორად და სრულყოფილად უნდა იქნეს შევსებული. გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია.
გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და მოვალეობები:
გადამზიდველი განსაზღვრავს ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა ტიპს; განახორციელებს ტვირთის ჩატვირთვას ტვირთის გადაცემის ადგილას, ტვირთის ჩამოტვირთვას დანიშნულების პუნქტში. გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნორმების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე; ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა.
გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში. გამგზავნი ამზადებს ტვირთს გადასაზიდად; შეფუთავს სათანადოდ, ამზადებს დოკუმენტაციას.
ხელკშეკრულების მხარეები ასევე თანხმდებიან გადაზიდვისათვის გადასახდელი თანხის ოდენობაზე, გადახდის ვადასა და ანგარიშსწორების წესზე.

თუ პირმა იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს კიდეც – ხელშეკრულება უნდა შესრულდეს. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისათვის გათვალისწინებულია მხარეთა მატერიალური პასუხისმგებლობა.
საქრთველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გადამზიდველის პასუხისმგებლობას ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის.
ტვირთის დაკარგვა გულისხმობს მიმღებისათვის მისი გადაცემის შეუძლებლობას კანონით დადგენილ ვადებში, რაც შეეხება ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვას ანუ ე.წ. დანაკლისს, იგი გულისხმობს განსხვავებას გადასაზიდად მიღებული და მიმღებისათვის ჩაბარებული ტვირთის წონაში ან რაოდენობაში.
გადამზიდველი პასუხსს აგებს ასევე ტვირთის დაზიანებისათვის. ტვირთი დაზიანებულად ითვლება, თუ დანიშნულების ადგილზე გადატანილი ტვირთის ხარისხი არ შეესაბამება მის პირვანდელ ხარისხს, რაც მითითებულია სატრანსპორტო დოკუმენტაციაში. ამდენად, გადამზიდველი პასუხისმგებელია მისთვის გადასაზიდად გადაცემული ტვირთის შენარჩუნებისათვის (ანუ პასუხს აგებს მისი დაკარგვის, დანაკლისისა და დაზიანებისათვის) ტვირთის მიღების მომენტიდან მიმღებისათვის დანიშნულების ადგილზე ჩაბარებამდე.
გადამზიდველის პასუხისმგებლობის საერთო პირობას წარმოადგენს მისი ბრალი. ის პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისათვის, თუ არ დაამტკიცებს, რომ აღნიშნული გამოწვეულია უფლებამოსილი პირის (გამგზავნი, მიმღები) ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით,
რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს. ასევე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა. ამგვარად, თავად გადამზიდველმა უნდა დაამტკიცოს მისი ბრალის არარსებობა ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებზე მითითებით, რათა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.
თუ სატრანსპორტო საშუალებით უნდა განხორციელდეს საფრთხის შემცველი (ადვილად აალებადი, ფეთქებადი და ა.შ.) ტვირთის გადაზიდვა, გამგზავნს ეკისრება ვალდებულება, გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში დააზღვიოს ეს ტვირთი. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ასეთი სახის ტვირთის ტრანსპორტირება განსაკუთრებულ სიფრთხილეს და სათანადო ზომების მიღებას მოითხოვს გადამზიდველისაგან, რისი განხორციელებაც მას მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა იცის გადასაზიდი ტვირთის სახე და თავისებურებანი.
ტვირთის გადატანასთან დაკავშირებული დავების განხილვა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, განსაკუთრებული საპრეტენზიო წესით. პრეტენზია ანუ ე.წ. რეკლამაცია არის მიმართვა გადამზიდველისადმი გადაზიდვის ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო ჯარიმის გადახდის ან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო ჯარიმის გადახდის ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. პრეტენზიის და სარჩელის წარდგენის ზოგადი წესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსში, ხოლო სპეციალური წესები განმტკიცებულია შესაბამის სატრანსპორტო კანონმდებლობაში. სამოქალაქო კოდექსი ადგენს პრეტენზიის წარდგენის წესსა და ვადებს.
თუ მიმღები ტვირთის მიღებისას გადამზიდველთან ერთად არ შეამოწმებს ტვირთის მდგომარეობას და არ წაუყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ, საპირისპიროს დამტკიცებამდე, ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩააბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში. თუ მიმღები მიიღებს გადამზიდველთან ერთად შეუმოწმებელ ტვირთს და არ წაუყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას, საპირისპიროს დამტკიცებამდე, ივარაუდება, რომ გადამზიდველმა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. გარეგნულად შესამჩნევი დანაკარგებისა და დაზიანების დროს პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს ტვირთის ჩაბარების დღესვე.
აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ასეთი ნაკლის შემჩნევა სირთულეს არ წარმოადგენს და მიმღებს უპრობლემოდ შეუძლია ვიზუალურად შესამჩნევი ნაკლის აღმოჩენა ტვირთის მიღებისას. რაც შეეხება პრეტენზიებს გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანების შემთხვევაში, ისინი წარდგენილ უნდა იქნეს ტვირთის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 7 დღისა, რადგან ფარული დანაკარგებისა და დაზიანების აღმოჩენა გარკვეულ დროს მოითხოვს.
ასევე უნდა ითქვას, რომ კანონმდებელი კრძალავს პირებს შორის ისეთ შეთანხმებას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის იმ თავის წესებს, რომლებიც გადაზიდვის ურთიერთობებს არეგულირებს.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ახალი რეალობა შესაძლებელს ხდის შეიქმნას ახალი სატრანსპორტო მარშუტები, რომლებიც ერთმანეთთან დააკავშირებს სხვადასხვა ეკონომიკურ რეგიონებს. ქვეყნებს შორის, რომლებზეც შესაძლო მარშუტებმა უნდა გაიაროს, ერთგვარი შეჯიბრებაა. ისინი საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორებს განიხილავენ როგორც საკუთარი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგვარ გარანტიას, რადგან ისინი საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ობიექტად გადაქცევის საშუალებას იძლევა.
გადაზიდვების ეფექტიანობას განსაზღვრავს 3 ძირითადი ფაქტორი: დრო, ტარიფი და მოსახურების დონე.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ერთიანი, ძლიერი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო ადგილი აქვს შეუთანხმებელ მიდგომას საერთაშორისო ტრანზიტული გადაზიდვებისადმი. საკანონმდებლო სფეროში პრობლემების გადაუწყვეტელობა სასაზღვრო საბაჟო გადასასვლელებზე, პორტებზე, რკინიგზაზე აყენებს ზარალს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების სტაბილურობას და კონკურენტუნარიანობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდაციის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი:
უნდა მოხდეს საკანონმდებლო ბაზის და სატარიფო პოლიტიკის ჰარმონიზაცია;
უნდა გამარტივდეს და უნიფიცირებული გახდეს საბაჟო პროცედურების სისტემა;
უნდა შემცირდეს საბაჟო კონტროლის ხანგრძლივობა და ტვირთების გატარების ვადა.
საბაჟო შეზღუდვების შერბილება, უმოკლესი და უსწრაფესი გადაზიდვების სისტემა, მოწესრიგებიული და უნიფიცირებული საკანონმდებლო ბაზა არის ის ოპტიმალური ვარიანტი, რაც ხელს შეუწყობს და აამაღლებს როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო გადაზიდვების ხარისხს.
ნინო მიმინოშვილი